კატლეტი – უნივერსალური კერძია, რომელიც დიდებსაც და პატარებსაც ძალიან უყვართ. იდეალურად უხდება ნებისმიერ გარნირს, დაწყებული კარტოფილის პიურეთი და დამთავრებული ბოსტნეულით. მათი მომზადება ნებისმიერი სახის ფარშისგან შეგიძლიათ.
კლასიკური ვარიანტი თუ მოგბეზრდათ, მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ თანამედროვეს. ყველის სოუსის დამსახურებით კერძი საოცრად არომატული და წვნიანი გახდება. შეგიძლიათ გარნირი ცვალოთ, მაგრამ ეს კატლეტები თქვენთვის შეუცვლელი გახდება.
ინგრედიენტები
- საქონლის ფარში 500გ
- პური 3 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა
- ნაღები 400მლ
- მდნარი ყველი 150გ
მომზადება
1.აიღეთ ღრმა ჯამი, ჩაასხით წყალი და ჩაალბეთ პური.
2.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით წვრილ კუბიკებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ხახვი.
3.გაწურეთ პური. ფარშს დაუმატეთ მოთუშული ხახვი, პური, კვერცხი, მარილი და წიწაკა. სველი ხელით მიეცით კატლეტებს ფორმა.
4.შეწვით კატლეტები ტაფაზე.
5.ქვაბში გააცხელეთ ნაღები, დაუმატეთ ყველი. როგორც კი ყველი გალღვება, ქვაბში მოათავსეთ კატლეტები.
6.მინიმალურ ცეცხლზე დატვეთ 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!