ტოსტის სამი რეცეპტი საუზმისთვის

დილას როგორი განწყობითაც დაიწყებთ, დღეც ისე გაგრძელდება. საუზმე ენერგიითა და სიმხნევით დამუხტვის საშუალებაა. რაც უფრო პოზიტიურად დაიმუხტებით დილით, მით უფრო შრომისუნარიანი და დადებითად განწყობილი იქნებით მთელი დღის განმავლობაში.

სიყვარულითა და ფანტაზიით მომზადებული ტოსტები დილის იდეალური დასაწყისია. დღეს ამ გემრიელი, ნოყიერი და სწრაფად მომზადებადი საუზმის სამ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ტოსტები ბანანითა და დარიჩინი

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 ნაჭერი პური
  • 1 ცალი ბანანი
  • 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
  • მუსკატის კაკალი, დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი

1. პურის ნაჭერს კარაქი წაუსვით, ზემოდან დაჭრილი ბანანი დაადეთ და პურის მეორე ნაჭერი დააფარეთ.
2. ათქვიფეთ კვერცხი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და ფორთოხლის წვენი.
3. პურის ორივე მხარე კვერცხის ნარევში ჩაუშვით. შეწვით ორივე მხრიდან – შეწითლებამდე და გემრიელად მიირთვით!

ტოსტი ლორითა და ყველით

ეს ვარიანტი საკმაოდ სწრაფი და ნოყიერია. შიგთავსი შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით ცვალოთ, დაუმატოთ პომიდორი, ან მოაცილოთ ლორი და ის ახალი მწვანილით შეცვალოთ. ტოსტის მომზადება ტკბილი შიგთავსითაც შეგიძლიათ, მაგალითად ჯემით.

ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი პური
  • 4 ნაჭერი ყველი
  • 2 ნაჭერი ლორი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 0.5 ჭიქა რძე
  • 2-3 სუფრის კოვზი პანირებული საფანელი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. კვერცხი და რძე ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილით.
2. პურის ნაჭერზე დადევით ყველის ნაჭერი, ლორი და კვლავ ყველი, დაადევით პურის მეორე ნაჭერი.
3. მიღებული ბუტერბროდი დაჭერით დიაგონალზე. იგივე გაიმეორეთ დანარჩენ ბუტერბროდებთან.
4. ყოველი ბუტერბროდი ჯერ კვერცხიან მასაში, შემდეგ კი საფანელში ამოავლეთ.
5. შეწვით ორივე მხრიდან – ტაფაზე, ცოტაოდენ გაცხელებულ ზეთში.

ამ ტოსტებს მწვანილი და ბოსტნეული ძალიან უხდება. გემრიელად მიირთვით!

ტოსტები მარწყვითა და პიტნით

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი მარწყვი
  • 60 გრამი პური
  • 20 გრამი კარაქი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • პიტნა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გაასუფთავეთ, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით მარწყვი და პიტნა
2. ჯამში აურიეთ მარწყვი, პიტნა და შაქარი. დატოვეთ დროებით – სანამ მარწყვი წვენს არ გაუშვებს.
3. ტაფაზე კარაქი გაადნეთ მასში პურის ნაჭრები მობრაწეთ. იმისთვის, რომ კარაქი არ დაიწვას, მას 1 კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
4. მობრაწულ პურზე გულსართი დადევით. თუ მას რამდენიმე წუთით დატოვებთ პური მარწყვის წვენით გაიჟღინთება და გაცილებით გემრიელი იქნება. გემრიელად მიირთვით!

საუზმისთვის ტოსტებს გულსართის სხვადასხვა ვარიაცია შეგიძლიათ შეურჩიოთ, ამგვარად თქვენი საუზმე უფრო მრავაფლეროვანი და გემრიელი გახდება. გახსოვდეთ: გემრიელი, ჯანმრთელი და ნოყიერი საუზმე – საუკეთესო დღის გარანტია!