ტორტის 5 საუკეთესო რეცეპტი ფხვიერი ორცხობილით. ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს

1152

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ტორტის საუკეთესო რეცეპტებს, რომლებიც ფხვიერი ორცხობილით მზადდება. ასეთი ტკბილეული ყველას მოეწონება.

რეცეპტი 1: ტორტი ბანანით და ფხვიერი ორცხობილით

უგემრიელესი ტორტი! არაჟნისა და ბანანის კომბინაცია ტორტს უნაზესს ხდის. მის მომზადებას იმდენად ცოტა დრო სჭირდება, რომ შეგიძლიათ ყოველდღე გააკეთოთ და სუფრაზე დესერტად ან ბავშვების საუზმედ გაიტანოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ უმარილო კრეკერი
  • 4 მსხვილი ბანანი
  • 1 ლ არაჟანი
  • 0,5 კგ შაქარი
  • 100 გრ შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. არაჟანი შაქართან ერთად ათქვიფეთ. ბანანი თხელ რგოლებად დაჭერით.
  2. თეფშზე კრეკერები დააწყვეთ, ზემოდან არაჟანი წაუსვით და ბანანის რგოლები დაადეთ. ამის შემდეგ კვლავ კრეკერის ფენა, არაჟანი, ბანანი დააწყვეთ. ფენები ჭადრაკის წესის მიხედვით დააწყვეთ, ანუ კრეკერს ბანანი დაადეთ, ბანანს კრეკერი და ა.შ. ბოლო ფენა არაჟან წასმული კრეკერი უნდა იყოს.
  3. ტორტი გახეხილი შოკოლადით და დაქუცმაცებული კრეკერით გააფორმეთ. რამდენიმე საათით გასაჟღენთად მაცივარში გააჩერეთ.

რეცეპტი 2: ფხვიერი ორცხობილას ტორტი მოხარშული კრემით

ტორტი წინა რეცეპტთან შედარებით რთული მოსამზადებელია, თუმცა გასინჯვის შემდეგ არ ინანებთ, რომ ეს რეცეპტი აირჩიეთ. ნაზი მოხარშული კრემი და კაკალი ტორტს უბრალოდ შეუდარებელს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფხვიერი ორცხობილა
  • 300 გრ კარაქი
  • 300 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 300 გრ რძე
  • 1 ჩ/კ კარტოფილის ფქვილი
  • 2 ჭიქა გასუფთავებული კაკალი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ფქვილი ნახევარ ჭიქა თბილ რძეში გახსენით და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. გასქელებამდე ხარშეთ, აურიეთ, შემდეგ გააგრილეთ.
  2. კარაქი, შაქარი და კვერცხი გასრისეთ, გაცივებულ ფქვილის მასას და ვანილს აურიეთ.
  3. ფხვიერი ორცხობილა ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ, კაკალი დაჭერით და მიღებულ მასას დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  4. საცხობ ფორმას ზეთწასმული ქაღალდი დააფინეთ და მიღებული მასა ჩაასხით, დანით გაათანაბრეთ და რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ. ამის შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ, ქაღალდი მოაშორეთ, კაკლით და დაქუცმაცებული ფხვიერი ორცხობილით გააფორმეთ.

რეცეპტი 3: ტორტი ცხობის გარეშე ხილით

ტორტი ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მსუბუქი, ნაზი და ძალიან ლამაზია. მით უფრო, ამ დესერტისთვის ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გრ ნაზი კრეკერი
  • 0,5 ლ 25%–იანი არაჟანი
  • 25 გრ ჟელატინი
  • 200 გრ შაქარი
  • 3 ბანანი
  • 3 ფორთოხალი
  • 3 კივი
  • 2 დიდი ვაშლი
  • კენკრა გემოვნებით და შესაძლებლობის მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს წყალი დაასხით და შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. ხილი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, გასაფორმებლად თითო–თითო ხილის დატოვება არ დაგავიწყდეთ. კენკრა გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.
  2. არაჟანი, შაქარი, ხილი და გახსნილი ჟელატინი კარგად აურიეთ.
  3. თითოეული ორცხობილა მიღებულ მასაში ამოავლეთ და თეფშზე ტორტის სახით დააწყვეთ, ზემოდან არაჟნის და ხილის დარჩენილი მასა მოასხით.
  4. გადანახული ხილი თხელ რგოლებად დაჭერით, კენკრასთან ერთად ტორტის ზედაპირზე დააწყვეთ. რამდენიმე საათით მაცივარში გასაჟღენთად გააჩერეთ.

რეცეპტი 4: ფხვიერი ორცხობილას ტორტი ხაჭოს კრემით

ტორტი ნამდვილი მხსნელია დედებისთვის, რომელთა შვილებსაც ხაჭო არ უყვართ. ხაჭო კი მზარდ ორგანიზმს სჭირდება. ბავშვები დესერტის დამატებასაც მოგთხოვენ, რადგან ხაჭოს და ბანანის ნაზი კომბინაციის წყალობით ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ხაჭო
  • 200 გრ შესქელებული რძე
  • 1 ჩ/კ კაკაო
  • 2/3 ჭიქა რძე
  • 30 ცალი ფხვიერი ორცხობილა
  • 1 ბანანი
  • ვანილი
  • ცუკატები და კედრის კაკალი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. ნახევარი ხაჭო ნახევარ შესქელებულ რძესთან და ვანილთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. მეორე თასში მეორე ნახევარი ხაჭო, დარჩენილი შესქელებული რძე და კაკაო კარგად აურიეთ.
  3. რძე ბრტყელ თეფშში ჩაასხით. ფხვიერი ორცხობილა რძეში ამოავლეთ, თეფშზე დააწყვეთ, ზემოდან ხაჭო–ვანილის მასა წაუსვით, გაათანაბრეთ. ამის შემდეგ რძეში ამოვლებული ფხვიერი ორცხობილის ფენა დააფინეთ და ხაჭო–შოკოლადის მასა წაუსვით. ბანანის რგოლები დაუმატეთ და ხაჭო–შოკოლადის მასა წაუსვით.
  4. ფენების დადება გააგრძელეთ, სანამ ბოლო ფენა ხაჭო–ვანილის მასით დაფარული ფხვიერი ორცხობილა არ აღმოჩნდება.
  5. ტორტი ფერადი ცუკატებით და კედრის კაკლით გააფორმეთ, მაცივარში შეინახეთ, რომ რამდენიმე საათში კარგად გაიჟღინთოს.

რეცეპტი 5: ფხვიერი ორცხობილას ტორტი ყავის არომატით

ტორტს ყავის მოყვარულები აუცილებლად დააფასებენ. მთელი დღით ენერგიით დაგმუხტავთ. მისი მომზადება რთული არაა.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 200 გრ კარაქი
  • 0,5 კგ ფხვიერი ორცხობილა
  • 1 ჭიქა ძლიერი ყავა
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 100 გრ შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, შაქარი, კაკაოს ფხვნილი და ვანილის შაქარი აურიეთ, წყლის ორთქლზე გასქელებამდე შეათბეთ. ამის შემდეგ მიღებული ნარევი გააგრილეთ და დარბილებული კარაქი დაუმატეთ. მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. ფორმას ცხიმი წაუსვით, მზა ყავაში ამოვლებული ფხვიერი ორცხობილა ფენებად დააწყვეთ. თითოეულ ფენას მიღებული კრემი წაუსვით. ყველა ფენის დადების შემდეგ მაცივარში შეინახეთ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში კარგად გაიჟღენთოს.
  3. ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ, ფორმა ფრთხილად გადააბრუნეთ და გახეხილი შოკოლადით გააფორმეთ.

ფხვიერი ორცხობილას ტორტები: გამოცდილი კულინარების სასარგებლო რჩევები

  • როცა ფხვიერ ორცხობილას რძეში ამოავლებთ, დიდხანს არ გააჩეროთ, მხოლოდ მსუბუქად ჩაალბეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თეფშზე ლამაზად დაწყობას ვერ შეძლებთ. ფხვიერი ორცხობილის რძეში გაჩერების ოპტიმალური დრო – მაქსიმუმ 20 წამი. ჩალბობილი ორცხობილა თეფშზე თხელი ნიჩბით გადაიტანეთ.
  • ფხვიერი ორცხობილას ტორტის გაფორმებისას გირჩევთ თეფშს თხელი ზეთწასმული პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ, რომ შემდეგ ტორტი ულუფებად მარტივად დაჭრათ. კერძი, სადაც რძეში ჩალბობილ ფხვიერ ორცხობილას აწყობთ, მსუბუქად დახრილი დადეთ, რომ ზედმეტი რძე მოაშოროთ.
  • მზა ტორტი მაცივარში აუცილებლად გააჩერეთ, ეს წესი არ უგულებელყოთ! საჭიროა იმისთვის, რომ ფხვიერი ორცხობილა კრემით გაიჟღინთოს და გემო უფრო გაჯერებული გახდეს.