Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ძალიან ლამაზი და გემრიელი ფუნთუშები ჩაიზე მისაყოლებლად.
ცომის ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 250 მლ რძე
- 50 გრ კარაქი
- 15 გრ დაპრესილი საფუარი
- 2 კვერცხი
- კვერცხის გული ჭიქურისთვის
- 2-3 ს/კ წყალი
- მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 80 გრ შაქარი
- 400 გრ ვაშლი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 30 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
მომზადების წესი:
- თბილ რძეს შაქარი და საფუარი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად აურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. აფუებული ცომი 10-15 წუთით გააჩერეთ.
- კვერცხი, მწიკვი მარილი და 2 ს/კ შაქარი სათქვეფით ათქვიფეთ.
- აფუებულ ცომს ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.
- შემდეგ ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ. ცომი 7 წუთით მოზილეთ, ბოლოს დარბილებული კარაქი დაუმატეთ.
- ცომი ერთ გუნდად შეკარით, პარკში გაახვიეთ და 1 საათით გააჩერეთ.
- შემდეგ ჩაზილეთ და კვლავ ამოსასვლელად გააჩერეთ.
- შიგთავსი მოამზადეთ: გასუფთავებული ვაშლი კუბებად დაჭერით, ქვაბში მოათავსეთ, კარაქი, ლიმონის წვენი, შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 2-3 წუთით საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. ბოლოს 1 კოვზი დაფქული დარიჩინი დაუმატეთ.
- ცომი 12 ნაწილად გაყავით. თითოეულით კვერები გააკეთეთ, 4 ადგილას რადიალურად ჩაჭერით, შუა ცენტრამდე არ მიხვიდეთ. ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ, ახლა პირველი ფურცელი შიგთავსს დააფარეთ, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე.
- ფუნთუშები საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დააწყვეთ. კვერცხის გული წაუსვით, 15 წუთით გააჩერეთ.
- ახლა 180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.
- გემრიელად მიირთვით!