სტაფილოს პეროგი მარტივად. ყველაფერი აურიეთ და მზადაა

501

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სტაფილოს პეროგის სწრაფ რეცეპტს. ნაზი და წვნიანი ცომეული ყველას მოეწონება. ტკბილი ქერქი საოცარ მომხიბვლელობას შესძენს. მიქსერის გამოყენება არ მოგიწევთ. აურიეთ და გამოაცხვეთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 260 გ ფქვილი
  • 300 გ გახეხილი სტაფილო
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ვანილი
  • 250 გ ყავისფერი შაქარი
  • 100 გ ნიგოზი

კრემის ინგრედიენტები:

  • 150 გ ხაჭოს ყველი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. შაქარი, ვანილი და მცენარეული ზეთი სათქვეფით აურიეთ.

2. კვერცხი თითო–თითო დაუმატეთ. სათქვეფით, კოვზით ან სპატულით აურიეთ. მიქსერი არ გჭირდებათ.

3. ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი აურიეთ. მშრალი ნარევი კვერცხის მასას დაუმატეთ და აურიეთ.

4. სტაფილო გახეხეთ, ნიგოზი წვრილად დაჭერით. სტაფილოს გაწურვა საჭირო არაა. სტაფილო და ნიგოზი ცომს დაუმატეთ.

5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი ჩაასხით, 180 გრადუსზე 35 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, პეროგი მზადაა თუ არა.

6. კრემისთვის ხაჭოს ყველი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. კრემი ცივ პეროგს ზემოდან წაუსვით. გემრიელად მიირთვით.

წვნიანი, ნაზი, არომატული და სწრაფი პეროგი თქვენს გულს დაიპყრობს. სტაფილო თითქმის არ იგრძნობა. ნიგვზის ნაცვლად თხილი შეგიძლიათ დაუმატოთ. ჩაი ან ყავა მოადუღეთ და ოჯახი სუფრასთან შეკრიბეთ.