საშობაო ნამცხვარი ორი სახეობის ბისკვიტით და უნაზესი კრემით: ალპური რეცეპტი

335

არ იცით, რაში გამოიყენოთ ზაფხულში გაყინული კენკრა? ოჯახი გაახარეთ არომატული ცომეულით, რომელიც ყველას მოეწონება. საშობაო ნამცხვარი ალუბლით სწორი გადაწყვეტილებაა, თუ ტკბილ სუფრაზე საოცრად გემრიელი დესერტის გატანა გსურთ.

დესერტი მდიდრული გემოთი აღგაფრთოვანებთ. ორი სახეობის ბისკვიტის და უნაზესი კრემის კომბინაცია ოდნავ მჟავე ალუბალთან ერთად საშობაო სასწაულია, რომელიც ბავშვებსაც მოეწონებათ.

როგორ მოვამზადოთ საშობაო ნამცხვარი ალუბლით

სუფთა დესერტი რომ გამოვიდეს, გაცივების შემდეგ ისევ ფორმაში დააბრუნეთ, შემდეგ კრემი წაუსვით. ასე ძალიან ლამაზი და მიმზიდველი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 100 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 150 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 250 მლ ნაღები
  • 50 გ არაჟანი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი
  • 2 კვერცხი
  • 10 გ ვანილი
  • 1 ს/კ რძე
  • 2 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი
  • ალუბალი გემოვნებით
  • 250 გ ყველი მასკარპონე
  • 100 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. რბილი კარაქი ათქვიფეთ. კვერცხი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ.

2. ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

3. ცომი ორ ნაწილად გაყავით. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ფორმაში ცომის პირველი ნაწილი ჩაასხით.

4. დარჩენილ ცომს კაკაო და რძე დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ფორმაში ჩაასხით და სპატულით ზედაპირი გაასწორეთ.

5. უკურკო ალუბალი შოკოლადის ცომზე დააწყვეთ, ოდნავ ჩააწექით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

6. კრემი მოამზადეთ. მასკარპონე და არაჟანი აურიეთ. 200 მლ ნაღები და შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მაცივარში შეინახეთ.

7. ბისკვიტი ალუბლით ღუმელიდან გამოიღეთ. ფორმიდან ამოიღეთ და გისოსზე გასაგრილებლად გააჩერეთ. შემდეგ კრემის დიდი ნაწილი წაუსვით, თანაბრად გაანაწილეთ.

8. 50 მლ ნაღები და შოკოლადი წყლის ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გააცხელეთ. ჭიქური კრემს მოასხით, სპატულით თანაბრად გაანაწილეთ. 20 წუთით მაცივარში მოათავსეთ.

9. დარჩენილი კრემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და ნამცხვარი გააფორმეთ. ზემოდან რამდენიმე ალუბალი დაადეთ.

მზადაა! სურვილის შემთხვევაში, დესერტი კოქტეილის ალუბლით შეგიძლიათ გააფორმოთ. ასე არ მოგიწევთ ნერვიულობა, რომ წვენი გამოჟონავს. ასეთი კენკრა მზა საშობაო დესერტის გარეგნობას მხოლოდ აუმჯობესებს.