ლობიანის გარეშე ბარბარობა, 17 დეკემბერი, ძნელი წარმოსადგენია. ამ გემრიელ ღვეზელს ტრადიციულად სამარხვო ცხიმით ამზადებენ, რადგან ამ პერიოდში ქრისტეშობის მარხვაა, თუმცა კლასიკური ლობიანი ღორის ქონით მზადდება. ყველა გამოცდილ დიასახლსს თუ კულინარს თავისი გამორჩეული რეცეპტი აქვს, მაგრამ შეგიძლიათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტითაც იხელმძღვანელოთ.
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 500 მლ წყალი
- 100 მლ ზეთი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 3 ჩ.კ. საფუარი
გულსართი
- 900 გ ლობიო
- 150 გ ღორის ან ლორის ქონი ან 200 მლ ზეთი
- მარილი
- წიწაკა
მომზადების წესი:
- ლობიო მოვხარშოთ, გადავწუროთ და ჩავზილოთ მარილსა და ცხიმთან ერთად. დავუმატოთ წიწაკა.
- 1 ჭიქა ფქვილი, მარილი და საფუარი თასში ჩავყაროთ, დავასხათ თბილი წყალი და კარგად გავხსნათ. მასას თანდათან დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
- ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად, შემდეგ გადმოვიღოთ, დავყოთ 5-6 თანაბარ გუნდად, ჩავდოთ ლობიოს გულსართი, შევკრათ ხაჭაპურივით და გამოვაცხოთ 220-250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ან გაცხელებულ თუჯის ტაფაზე. გამომცხვარ ლობიანს ზემოდან ცხიმი წავუსვათ.
გემრიელად მიირთვით!