ვისაც სურს ხაჭოს და ნადუღის სახლში მომზადება, მათთვის ეს რეცეპტები ნამდვილად მისაღებია. ცოტა მეტი მონდომება და საკუთარი ხელით მომზადებული ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი არასდროს გამოგელევათ.
ხაჭოს მომზადება:
- აადუღეთ რძე, ცოტა გააცივეთ, ნელ-თბილი რომ იქნება, გაურიეთ 2 სუფრის კოვზი ყველის შრატი ან 1 სუფრის კოვზი არაჟანი თითო ლიტრ რძეზე, დადგით ქვაბი თბილ ადგილას 10-12 საათის შემდეგ უკვე შედედებული რძე ჩააქუცმაცეთ დანით ან კოვზით. ქვაბი ჩადგით ნელ-თბილ ჰაერღუმელში ან თბილწყალჩასხმულ დიდ ქვაბში. ჰაერღუმელიდან დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ გამოიღეთ, ხოლო თბილი წყლიდან ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც მომწვანო ფერის შრატს გამოყოფს, ჩაასხით დოლბანდის პარკში. მოუკარით თავი და დაკიდეთ.
- ხაჭო უნდა ინახებოდეს სიგრილეში. სითბოში ის მჟავდება. სინესტეში კი ობდება. გაყინვით ხაჭოს ხარისხი ქვეითდება.
- კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს ექიმები უნიშნავენ ავადმყოფებს ხაჭოს მოხდილი რძიდან. ამ შემთხვევაში ხაჭო მზადდება იმავე წესით, მხოლოდ რძეს წინასწარ უნდა მოეხადოს ნალექი.
- მოუხდელი რძიდან დამზადებული ხაჭო მოყვითალო ფერისაა, ხოლო მოხდილი რძიდან სრულიად თეთრი.
ნადუღის მომზადება:
- ხაჭოდან სრულიად განსხვავებული პროდუქტია, ის მზადდება ყველის ამონაღები შრატის ხანგრძლივად დუღილის შემდეგ მიღებული შესქელებული ნალექის გაწურვით.
- ნადუღი მეტად გემრიელი, ნაზი გემოსი და ადვილად მოსანელებელი სასარგებლო საკვები პროდუქტია.
- ხაჭოდან, ნადუღიდან მრავალი სახის კერძები მზადდება, როგორც ჯანმრთელი ადამიანისათვის, ისე ბავშვებისათვის და ავადმყოფთათვის.
შეინახეთ და გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!