როგორ მოვადუღოთ თურქული ყავა

დღეს არომატული თურქული ყავის მოდუღებას გასწავლით, ის იმდენად არომატულია, რომ დღეიდან თქვენი ყოველი დილა სწორედ მისი თანხლებით დაიწყება.
გემრიელი და არომატული ყავის მოსადუღებლად მხოლოდ ძვირფასი მარცვლების ყიდვა, დაფქვა და მოდუღება არ არის საკმარისი, ამისთვის სხვადასხვა ნიუანსების ცოდნაც საჭიროა, ამ სტატიაში სწორედ ამ ნიუანსებს გაგიზიარებთ!

ინგრედიენტები 1 პორციისთვის

  • 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული ყავა
  • 50-60 მილიგრამი წყალი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ყავის მარცვლები მაქსიმალურად წვრილად დაფქვით.
2. ჩაყარეთ ჯაზვეში და სურვილისამებრ შაქარიც მოაყარეთ.
3. დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და ჯაზვე ძალიან ნელ ცეცხლზე ან გაცხელებულ ქვიშაზე დადგით.
4. მიიყვანეთ ყავა ადუღებამდე და ცეცხლიდან იმ დროს გადმოდგითროდესაც ყავის ქაფი კიდეებიდან ცენტრისკენ დაიწყებს მოგორვებას.
5. ყავა თქვენს საყვარელ ჭიქაში ჩაასხით და დატკბით მისი განუმეორებელი გემოთი და ღვთაებრივი არომატით.

თურქული ყავა სქელ, პატარა ზომის ყავის ჭიქაში უნდა ჩაასხათ, მაგიდასთან კი ის კოვზთან და ცივ წყალთან ერთად უნდა მიიტანოთ.
სასურველია თუ ყავის ჩასხმამდე, ჭიქას შეაცხელებთ, ამისთვის მასში მდუღარე წყალი ჩაასხით და 1 წუთი გააჩერეთ. ყავის ცივ ჭიქაში ჩასხმა მის გემოზე უარყოფითად მოქმედებს.

ყავის სწორად მოდუღების მაჩვენებელს მისი ქაფი წარმოადგენს. ის რამდენიმე წუთის მანძილზე შეკრული უნდა იყოს და არ უნდა გათხელდეს და დაიშალოს.

თურქული ყავა ძალიან ნელ ცეცხლზე უნდა მომზადდეს და ძალიან ნელა უნდა მიირთვათ, აჯობებს თუ ყოველ ყლუპს ძალიან ცივ წყალს მიაყოლებთ, ეს საგრძნობლად გააძლიერებს გემოს. ყავას ჩვეულებრივ ხალვას, რახათ ლუხუმს, თაფლს ან ფინიკს აყოლებენ.

რაც შეეხება ჯაზვეს – უმჯობესია თუ სპილენძის ჯაზვეს აირჩევთ. მასში საუკეთესო ყავა მზადდება, მას მაღალი სითბოს გამტარობა აქვს და თანაბრად ცხელდება, რაც კარგად აისახება სასმელის გემოვნურ თვისებებზე!

ჯაზვეს ზომა ზედმიწევნით უნდა შეესაბამებოდეს სასმელის რაოდენობას. სასმელი მთელს ჯაზვეს ყელამდე უნდა ავსებდეს. ყავის გემო ამაზეც გახლავთ დამოკიდებული.

თურქული ყავა მთელს მსოფლიოშია სახელგანთქმული მისი შეუდარებელი გემოსა და უჩვეულო არომატის წყალობით. ის თავისი მრავალფეროვანი გემოებით გნუსხავთ და თქვენს გულს სამუდამოდ იპყრობს.