პარკოსანი კულტურის თბური დამუშავება

2225

პარკოსან კულტურას ეკუთვნის – ლობიო, ბარდა, ოსპი, და სხვა. პარკოსანნი გამოირჩევიან მაღალი კვებითი ღირსებით, ვინაიდან შეიცავენ ცილოვან ნივთიერებათა დიდ რაოდენობას და აგრეთვე საკმარისი რაოდენობით – ნახშირწყალს, მაგრამ ისინი ღარიბია ცხიმით.

  1. პარკოსანი კულტურები უნდა გასუფთავდეს უცხო ნარევისგან (გაირჩეს, გაიცრას) და გულმოდგინედ გაირეცხოს ცივ წყალში. ხარშვის ხანგრძლიობის შესამცირებლად ხდება მათი წინასწარ დალბობა ცივ წყალში 3-4 საათით. მიზანშეწონილი არ არის სითბოში, ვინაიდან  ამ დროს წყლის ტემპერატურა აღემატება +15-ს.

2. პარკოსან კულტურებს მოსახარშად ესხმება ცივი წყალი და არ ემატება მარილი, ვინაიდან იგი ანელებს ხარშვის პროცესს. თუ პარკოსანი კულტურა ხარშვის წინ წყალში იყო დამბალი, მაშინ  მისი მოხარშვა იმავე წყლით ხდება, რათა არ დაიკარგოს საკვები ნივთიერებები, რომლებიც წყალში გადავიდა (გარდა ლობიოსი).

3. ხარშვის დროს პარკოსან კულტურას იმდენი წყალი უნდა დაესხას, რომ შიგთავსს აცილებული იყოს მხოლოდ 1 სანტიმეტრით. თუ ხარშვის პროცესის დროს წყალი ჩაშრა, მაშინ მას უნდა დაემატოს ცხელი წყალი. ხარშვის პროცესი საჭიროა წარმოებდეს თავდახურულ ჭურჭელში.

4. პარკოსანი კულტურა თუ მჟავე პროდუქტებთან ერთად იხარშება, მაშინ მისი ხარშვა ბრკოლდება; ამისთვის საჭიროა ის ჯერ მოიხარშოს და მერე შეზავდეს მჟავე პროდუქტებით, საწებლით ან ტომატ-პიურით.

5. პარკოსანი კულტურის ხარშვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი ხარისხისა და სახეობისგან და მერყეობს 30 წუთიდან (ოსპი) 3 საათამდე (ლობიო).

6. პარკოსანი კულტურისაგან შეიძლება მომზადდეს მრავალი გემრიელი საჭმელი, თუ მას დაემატება ცხიმი და სხვა პროდუქტები.

ლობიო თავისი საგემოვნო თვისებებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ოსპი და ბარდა. ის არის თეთრი და ფერადი, სხვადასხვა ოდენობის მოცულობით. კარგი ხარისხის ლობიოს აქვს დაუზიანებელი, პრიალა, მომსხო მარცვალი, ერთგვაროვანი ფერი და სისხო.

ბარდის მარცვალი მსხვილია, თითქმის ერთნაირი ოდენობისა, ფერად თეთრია, ყვითელი ან მწვანე. გარდა მთლიანი მარცვლისა, ბარდა არის აგრეთვე შუაზე გაპობილი და ნაწილობრივ კანგაცლილი. ასეთი სახის ბარდა ნაკლებად შეიცავს უხეშ უჯრედისს და შედარებით უფრო სწრაფად იხარშება; ამიტომ მას წინასწარ დალბობა არ ესაჭიროება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!