მათთვის, ვისაც ფუნთუშების ცხობა ძალიან უყვართ, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ყველიანი ფუნთუშების უბრალო რეცეპტი. პატარა, ჰაეროვანი ფუნთუშების მხოლოდ ვიზუალსაც შეუძლია თქვენი ხასიათის გამოსწორება.
ინგრედიენტები
- 800-900 გრ ფქვილი
- 200 მლ რძე
- 2 ც კვერცხი
- 2 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 10 გრ მშრალი საფუარი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 3 ს.კ. კარაქი
- 250 გრ მაგარი ყველი
მომზადების წესი
1. რძე გააცხელეთ და შაქარს შეურიეთ.
2. რძეს დაუმატეთ მშრალი, სწრაფადხსნადი საფუარი, მოურიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
3. გაცერით ფქვილი და შეურიეთ მარილი.
4. გატეხეთ ორი კვერცხი, ერთი კვერცხის გული ცილისგან დააცალკევეთ და ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ, შემდეგ საკვები ცელოფანი გადააფარეთ.
5. დარჩენილი ერთი და ნახევარი კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ და საფუარს დაუმატეთ, კარგად მოურიეთ.
6. შემდეგ კვერცხიან და საფუარიან მასას დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კვლავ კარგად მოურიეთ.
7. ფქვილის ცენტრში გააკეთეთ “ღრმული” და მასში საფუარიანი ნაზავი ჩაასხით. ჩანგლით მოურიეთ ყველაფერს, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, შემდეგ დაუმატეთ 3 ს.კ. დარბილებული კარაქი და ხელით მოზილეთ ელასტიური ცომი. მზა ცომი ხელზე არ უნდა ეკრობოდეს.
8. ცომი ღრმა თასში მოათავსეთ, საკვები ცელოფანი გადააკარით და 30 წუთით “დაასვენეთ”.
9. დროის გასვლის შემდეგ კვლავ მოზილეთ ცომი, გაყავით 20 თანაბარ ნაწილად და თითოეული დაამრგვალეთ.
10. მაგარი ყველი 2 სმ-იან კუბებად დაჭერით. მსუბუქად გააბრტყელეთ ცომის ბურთულები თითებით, რომ მათ ცენტრში ყველის კუბი მოათავსოთ და კვლავ დაამრგვალეთ ისინი.
11. საცხობ ლანგარზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და ზემოდან ფუნთუშები დაალაგეთ.
12. ფუნთუშებს ფრთხილად გადააფარეთ საკვები ცელოფანი და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააჩერეთ.
13. ათქვიფეთ წინასწარ მომზადებული კვერცხის გული და წაუსვით ფუნთუშებს. სურვილისამებრ შეგიძლიათ ფუნთუშებს ზემოდან სეზამის მარცვლები მოაყაროთ.
14. გამოაცხვეთ ფუნთუშები 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით. ღუმელი წინასწარ უნდა გააცხელოთ.
ყველიან ფუნთუშებს წარმოუდგენლად სასიამოვნო არომატი აქვს. ყველი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კვერცხითა და ხახვით ან ხორციანი შიგთავსით. მთავარია, რომ ცომი კარგი გამოგივიდეთ. გემრიელად მიირთვით!