მარხვაში ბლინის ცომს კვერცხის და რძის გარეშე ვამზადებ. მხოლოდ მინერალური წყალი მჭირდება

1532

მარხვის პერიოდში ნაზ ბლინებზე უარის თქმა არ ღირს. სამარხვო ბლინები წყალზეც შეგიძლიათ მოამზადოთ, თუ ერთ პირობას დაიცავთ: წყალი გაზიანი და სპეციფიკური გემოს გარეშე უნდა იყოს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი სასუსნავი.

სამარხვო ბლინები წყალზე

რძისა და კვერცხის ნაცვლად მინერალურ წყალს გამოვიყენებთ, ხოლო კარაქის ნაცვლად მცენარეულ ზეთს ავიღებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა პროდუქტებზე შეგიძლიათ დაზოგოთ და გემრიელი კერძი მიიღოთ. სოკოს, ბოსტნეულის, ხილის ან კენკრის შიგთავსი შეგიძლიათ მოამზადოთ, თუ მარხულობთ და დარღვევას არ აპირებთ.

ინგრედიენტები:

  • 9 ს/კ ფქვილი (სავსე)
  • 0,5 ლ მინერალური წყალი
  • 1 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ფქვილი 2–ჯერ გაცერით. რაც უფრო ჰაეროვანია, მით უკეთესი. 1 ჭიქა წყალი თასში ჩაასხით, მარილი და შაქარი გახსენით. ფქვილი დაუმატეთ და კურკუტების დაშლამდე აურიეთ.

2. ერთიან მასას მცენარეული ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ბოლოს დარჩენილი მინერალური წყალი დაუმატეთ. სამარხვო ბლინების ცომი მზადაა. 15 წუთით მაინც გააჩერეთ.

3. ტაფა გააცხელეთ და სამარხვო კარაქი წაუსვით. მოსახერხებელი რომ იყოს, სახელურიანი ჭურჭელი გამოიყენეთ.

4. ცხობა დაიწყეთ. ცომი ცხელ ზედაპირზე ჩამჩით ან დიდი კოვზით დაასხით, ტაფა ასწიეთ, ჰაერში ატრიალეთ, რომ ნარევი მთელ ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს.

5. ბლინები თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით გადააბრუნეთ და ორივე მხრიდან 1 წუთით შეწვით. მზა ბლინებში შიგთავსი გაახვიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

სამარხვო ბლინები წყალზე: რჩევები

მზა ბლინები გააცივეთ და შემდეგ დააწყვეთ ერთმანეთს. ასე შემთხვევით ერთმანეთს არ მიეწებება. შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ჩვენს ტოპშია შემდეგი პროდუქტები.

1. ლობიოს შიგთავსი. მოხარშული ლობიო გახეხეთ, დაჭრილი ხახვი სამარხვო კარაქში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ. თუ მასა სქელია, ლობიოს ნახარშით გააზავეთ.

2. სოკოს შიგთავსი. სოკო მოხარშეთ, მცენარეულ ზეთში შეწვით და ხორცსაკეპში გაატარეთ. შემწვარი ხახვი, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

3. კარტოფილის შიგთავსი. კარტოფილის პიურე მოამზადეთ, შემწვარი ხახვი, მარილი და სანელებლები დაუმატეთ. სოკოც შეგიძლიათ დაუმატოთ.

4. სტაფილოს შიგთავსი. დაჭრილი ხახვი მზესუმზირის ზეთში შეწვით და წვრილად გახეხილი სტაფილო დაუმატეთ. მასა სუსტ ცეცხლზე ჩაშუშეთ, ბოლოს კოვზი პომიდორი, პროვანსული ან იტალიური ბალახები დაუმატეთ.

5. ვაშლის შიგთავსი. გახეხილი ვაშლი შაქართან ერთად ჩაშუშეთ, კოვზი წყალი დაუმატეთ. ვანილი ან დარიჩინი გემოსთვის და არომატისთვის დაუმატეთ.

6. კენკრის შიგთავსი. კენკრა შაქრის სიროფში მოხარშეთ. ამ მიზნით ასორტი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

7. შოკოლადის შიგთავსი. შოკოლადის მუსი მოამზადეთ. 1 ფილა შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ და ცოტა რძე დაუმატეთ.

ბლინების რეცეპტში ცოტა შაქარი გამოიყენება, ამიტომ ტკბილი არაა და ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გაახვიოთ.

წყალი ცომს თანდათან დაუმატეთ, რომ კურკუტები აიცილოთ. რაც უფრო სქელია ცომი, მით უფრო სქელი ბლინი გამოვა. თუ უთხელესი ბლინების მოყვარული ხართ, ცოტა მინერალური წყალი კიდევ დაამატეთ. საცხობად ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფა გამოგადგებათ.

თუ ბლინი ტაფას არ შორდება, ტაფაზე ცოტა მარილი მოხალეთ. ამ პროცედურის შემდეგ ქაღალდით გაწმინდეთ და ზეთი წაუსვით. ტაფის გარეცხვა არ შეიძლება.