კენკრა ზაფხულის ერთ–ერთი სიამოვნებაა. არომატული, წვნიანი და სამკურნალო კენკრა გვიან შემოდგომამდე შეგვიძლია მივირთვათ. წელს მარწყვის კარგი მოსავალია, ფასიც დაბალია, ამიტომ ბევრი დიასახლისი ზამთრისთვის კენკრის მურაბის ან კომპოტის მომზადებას უკვე ჩქარობს.
მარწყვის კომპოტი
ბევრი იტყვის, რომ მარწყვის კომპოტი შესანახად არ გამოდგება. ნაზი კენკრა ხომ სტერილიზაციის დროს უშნოვდება. მარწყვიდან ყველაფერი შეიძლება მომზადდეს კომპოტის გარდა.
დღევანდელი რეცეპტი სტერილიზაციას არ მოითხოვს. კენკრა კომპოტში მთელი რჩება. სცადეთ და თავად დარწმუნდებით, რომ თქვენი ეჭვები ფუჭია.
სამლიტრიანი ქილა კომპოტის მომზადებით დაიწყეთ.
ინგრედიენტები:
- 500 გ მარწყვი (გარეცხილი, ყუნწების გარეშე)
- 2,5 ლ წყალი
- 180 გ შაქარი
მომზადების წესი:
1. მარწყვის გასარეცხად წყალი აადუღეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. 1 კგ კენკრაზე 7-8 ლ წყალი საკმარისია.
2. ქილები მოამზადეთ. კარგად დაათვალიერეთ. ბზარები და ნაკაწრები არ უნდა ჰქონდეს. ქილები გარეცხეთ, წყალი გადაავლეთ და გაასტერილეთ. ორთქლის, ღუმლის ან მიკროტალღურის მეთოდი გამოიყენეთ.
3. გაასტერილეთ დიდი დანა ფართო პირით. უჟანგავი ფოლადის დანა აიღეთ. რატომ? მალე გაიგებთ. თავსახურები მდუღარე წყალში ჩადეთ და აადუღეთ.
4. მარწყვი გადაარჩიეთ და გარეცხეთ. მნიშვნელოვანია, კენკრას თითქმის ერთნაირი ზომა და სიმწიფის დონე ჰქონდეს. ასე თანაბრად მომზადდება და ფორმას არ დაკარგავს.
5. დიდ თასში გარეცხეთ და არა გამდინარე წყალში. ასე ნაზ კენკრას დაზიანებისგან დაიცავთ. ჯერ მარწყვი ძმრიან ხსნარში (1 ლ წყალზე 1 ს/კ ძმარი) ჩადეთ, შემდეგ თბილი ანადუღარი წყალი გადაავლეთ. კენკრა საწურზე ან საცერზე გადაიტანეთ და დაწურეთ. შემდეგ ქილებში გადაანაწილეთ და შაქარი დაუმატეთ. კომპოტისთვის წყალიც აადუღეთ.
6. ცხელ ქილებში მარწყვი ჩააწყვეთ და შაქარი დაუმატეთ. აქ დანა დაგჭირდებათ. მისი ბრტყელი მხარე ქილის ყელს ჩამოადეთ, დანის პირი ქილაში ჩაუშვით. დანაზე კომპოტის ნამზადს მდუღარე წყალი დაასხით. ამ ხრიკით მინას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისა და გასკდომისგან დაიცავთ. ქილები მოხუფეთ, შეამოწმეთ, სითხე ხომ არ ჟონავს.
7. სამზარეულოს ხელთათმანები გაიკეთეთ, ცხელი ქილები მაგიდაზე არწიეთ ან შეანჟღრიეთ. ასე შაქარი სწრაფად გაიხსნება. იატაკზე მუყაო, გაზეთი ან პარკი დააფარეთ. გადაბრუნებული ქილები დააწყვეთ და თბილად შეფუთეთ. რაც უფრო თბილად შეფუთავთ, მით უკეთ გასტერილდება. ამას მაღალი ტემპერატურის დიდხანს შენარჩუნება და ნელი გაგრილება უწყობს ხელს.
8. 12-16 საათის შემდეგ ქილები შეგიძლიათ სწორ მდგომარეობაში დააბრუნოთ. როგორც კი, ბოლომდე გაცივდება, საკუჭნაო ან სარდაფში შეინახეთ.
ამ რეცეპტით მომზადებულ კომპოტში კენკრა მთელი და ლამაზი რჩება. კომპოტის ფერი საოცარია. ნამდვილი ელექსირია. ზამთარში გახსენით და გემრიელი, სასარგებლო სასმლით ისიამოვნეთ, რომელიც ზაფხულს თბილ დღეებს გაგახსენებთ. ნაყიდი წვენი და გაზიანი სასმელი ვერც შეედრება.