კლასიკური „შუბის“ ნაცვლად. საინტერესო სალათი ჭარხლით და ქაშაყით

558

ყველამ იცის, რომ საახალწლო სუფრაზე კლასიკური „ოლივიეს“, „მიმოზას“ და „კიბორჩხალის“ გვერდით სალათი ჭარხლით და ქაშაყით თავს უნდა იმშვენებდეს. ეს სადღესასწაულო წასახემსებლების ტრადიციული ოთხეულია, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, ჩვეული „შუბის“ ნაცვლად გემრიელი და საინტერესო სალათი მოამზადოთ.

თითქმის იგივე ინგრედიენტები დაგჭირდებათ, რაც „შუბის“ შემთხვევაში: თევზი, კარტოფილი, ჭარხალი. ვაშლი და კიტრის მწნილი საყვარელ კერძს ახალ ნოტებს შემატებს. გარდა ამისა, სალათის საინტერესო და მორთული სერვირება მოგეწონებათ.

როგორ მოვამზადოთ საინტერესო სალათი ქაშაყით და ჭარხლით

თუ მჟავე ვაშლი გაქვთ, რომელიც ცომეულში შეუფერებელია, ჭარხლის და ქაშაყის სალათში გამოიყენეთ. ზუსტად ასეთი გვჭირდება. კიტრის მწნილი დამარილებულით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ისიც დანარჩენ ინგრედიენტებს წარმატებით ერწყმის.

ინგრედიენტები:

  • 300 გ კარტოფილი
  • 250 გ ქაშაყის ფილე
  • 1 კიტრის მწნილი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 300 გ ჭარხალი
  • 1 ვაშლი
  • 0,5 ხახვი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ვაშლი კუბებად დაჭერით, 1 ს/კ ლიმონის წვენი მოასხით, აურიეთ და გააჩერეთ.

2. კიტრის მწნილი, ქაშაყის ფილე, ხახვი და მოხარშული კარტოფილი კუბებად დაჭერით.

3. მზა ინგრედიენტები აურიეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, მაიონეზით შეკაზმეთ და აურიეთ.

4. სალათი თეფშზე თანაბრად გაანაწილეთ. კოვზით სიგრძეზე ჩაღრმავებები გააკეთეთ.

5. მოხარშული ჭარხალი კუბებად დაჭერით, დარჩენილი ლიმონის წვენი მოასხით, შაქარი, მარილი და ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.

6. ჭარხლის კუბები სალათის ჩაღრმავებებში ჩააწყვეთ.

ჭარხლის და ქაშაყის სალათი დაჭრილი მწვანილით გააფორმეთ. მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში გემოვნებით გამოიყენეთ. წასახემსებელი სუფრაზე ეფექტურად გამოიყურება და სტუმრებს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ საინტერესო გემოთი აოცებს.