ნებისმიერი ხორცისგან გემრიელი, წვნიანი კატლეტები რომ მოამზადოთ, აუცილებელი არაა ძალიან ნაზი და ძვირიანი ხორცი შეარჩიოთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით ხრიკს, რომლის დახმარებით უხეში ხორციც დარბილდება და კატლეტი შეუდარებლად გემრიელი გამოვა. კატლეტის საკმაოდ მარტივ, კლასიკურ რეცეპტს გთავაზობთ. თუ რომელიმე სანელებელი ძალიან გიყვართ, შეგიძლიათ ფარშს დაუმატოთ. დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ხორცის ტექსტურასა და გემოზე, ხოლო სანელებლები და დანამატები მეორე ადგილზე გადავა.
ინგრედიენტები:
- 600 გრ ძროხის ხორცი
- 1 ხახვი
- 250 მლ გაზიანი მინერალური წყალი
- 100 გრ შპიკა
- 0,5 ჩ/კ წიწაკა
- 3 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ მარილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- საშუალო ნაჭრებად დაჭრილი ხორცი თასში ჩადეთ და წიწაკა მოაყარეთ. ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი სანელებელი დაუმატეთ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი არაა. ძალიან გაზიანი მინერალური წყალი დაასხით და 20 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ბუშტები ძროხის ხორცს დაარბილებს. თან სანელებლებსაც უკეთ შეიწოვს.
- დამარინადებული ხორცის ნაჭრები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. შპიკი, დაქუცმაცებული ხახვი და 3 კბილი ნიორიც დაუმატეთ. მასას მარილი დაუმატეთ.
- კატლეტის ფარშს პური არ სჭირდება. შეგიძლიათ კარაქის ნაჭერი დაუმატოთ, რომელიც კერძს წვნიანს და ფუმფულას გახდის. ცოტა პომიდვრის პასტაც შეგიძლიათ ათქვიფოთ და ფარშს დაუმატოთ. ასეთი კატლეტი საკმაოდ პიკანტური გამოდის და ახალ გემოებს მოგიტანთ.
- მომზადების 2 მეთოდი არსებობს. 1. 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ (ხის ჩხირით შეამოწმეთ). 2. ტაფაზე მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც უფრო მოგწონთ.
როგორც უკვე მიხვდით, საიდუმლო ინგრედიენტი და ხრიკი გაზიანი მინერალური წყალია. ასე ხორცს კარგად დაარბილებთ. ამ მეთოდს ბევრი მზარეული მწვადის დასამარინადებლად იყენებს. მხოლოდ მინერალური წყალი, ხახვი და სხვა არაფერი. მარილის დამატება არ დაგავიწყდეთ.
კატლეტი სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ რძეზე და კარაქზე მომზადებულ კარტოფილის პიურესთან ერთად. იდეალური კომბინაციაა. ბოსტნეულიც გამოგადგებათ. ხრაშუნა კიტრი, რბილი კატლეტი პიურესთან ერთად საკმარისია, რომ ცხოვრებით დატკბეთ.