არომატული კარტოფილი ფარშით ფინჯნებში: ორიგინალური და გემრიელი

470

ბევრი თვლის, რომ კარტოფილი ხორცით იდეალური კომბინაციაა. ასეთი კერძი ყოველთვის ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის. კარტოფილის ფარშით მომზადების იმდენი რეცეპტი არსებობს, რომ დათვლა რთულია. რაც მთავარია, ყველა თავისებურად საინტერესოა. Gastronomia.ge–ს რედაქცია თვლის, რომ ჭიქებში გამომცხვარი კარტოფილი ხორცით ერთ–ერთი ყველაზე ორიგინალური კერძია. საინტერესო გაფორმება გულგრილს არავის დატოვებს.

ასეთი კერძი ყოველდღე ან სადღესასწაულო მაგიდისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. დიდ დროს და ძალისხმევას არ მოითხოვს. სანამ კარტოფილი ფარშით ცხვება, მსუბუქი სალათის მომზადებასაც მოასწრებთ. 40 წუთი და ნოყიერი ვახშამი მზადაა!

ინგრედიენტები:

  • 6 კარტოფილი
  • 400 გ ღორის ფარში
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 კვერცხი
  • 3,5 ჩ/კ მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 100 გ ხმელი ყველი
  • 0,5 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ საფანელი
  • 6 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 1 ჭიქა იოგურტი
  • 1 ს/კ კამა

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ. ქვაბში ჩადეთ და წყალი დაასხით. მოსახარშად გაზქურაზე დადგით. როცა წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ. კარტოფილი 10 წუთით ხარშეთ, შემდეგ გაზქურიდან გადმოდგით.

2. ხახვი გახეხეთ, ნიორი დაპრესეთ. ორივე ინგრედიენტი ფარშს დაუმატეთ.

3. დაჭრილი ოხრახუში ფარშს დაუმატეთ. 1 კვერცხი ჩატეხეთ. საფანელი, 4 ს/კ მზესუმზირას ზეთი, პაპრიკა, შავი წიწაკა და 1,5 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. ჭიქებს ზეთი წაუსვით. მასში ფარში მოათავსეთ, ხელით თანაბრად გაანაწილეთ.

5. ხმელი ყველი გახეხეთ და ფარშს მოაყარეთ. ზემოდან კარტოფილი დაადეთ.

6. სოუსი მოამზადეთ. 4 კვერცხი, ნატურალური იოგურტი, ფქვილი და 1 ჩ/კ მარილი ათქვიფეთ.

7. სოუსს დაჭრილი კამა დაუმატეთ.

8. ყველაფერს კარგად აურიეთ. მზა სოუსი კარტოფილს მოასხით. ჭიქები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

ცხელი კერძი მაგიდაზე გაიტანეთ. ხორცის წვენით და არომატული სანელებლებით გაჟღენთილი ცხელი კარტოფილი თქვენი ფავორიტი გახდება.