იოგურტის ცომეული. თუ ბევრ სტუმარს ველოდები, მაშინვე ეს რეცეპტი მახსენდება

870

შინ გამომცხვარი ცომეული მაღაზიაში ნაყიდზე უფრო გემრიელი და არომატულია. ტკბილეული, რომლის მომზადებაში თქვენი ხელი ურევია, მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ბონუსად, ზუსტად იცით, რა ინგრედიენტები გამოიყენეთ მის მოსამზადებლად. შინ მომზადებული დესერტი მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ იოგურტის დესერტის საინტერესო რეცეპტს. დამწყებ კულინარსაც პირველივე მცდელობაზე იდეალური გამოუვა. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ღუმელში მოათავსეთ. სულ ესაა საჭირო.

ინგრედიენტები:

  • 125 გ იოგურტი (დანამატების გარეშე)
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 250 გ შაქარი
  • 190 გ ფქვილი
  • 90 მლ მცენარეული ზეთი
  • 5 გ გამაფხვიერებელი
  • ცოტა ვანილი

მომზადების წესი:

1. გირჩევთ, რომ იოგურტის ჭიქა არ გადააგდოთ. გარეცხეთ და საზომად გამოიყენეთ. იოგურტი დიდ თასში ჩაასხით, ოთახის ტემპერატურის კვერცხი და ვანილი დაუმატეთ. მიქსერით აურიეთ.

2. შაქარი დაუმატეთ. სხვათა შორის, შაქარი იოგურტის ჭიქით შეგიძლიათ გაზომოთ. იოგურტის ჭიქა 125 გრამიანია, ხოლო 250 გრამი შაქრისთვის 2 ჭიქა დაგჭირდებათ.

3. თუ ფქვილს იოგურტის ჭიქით გაზომავთ, ესეც 2 ჭიქა დაგჭირდებათ. ფქვილი კვერცხის მასას დაუმატეთ. ცოტა გამაფხვიერებელი, ნახევარი ჭიქა მცენარეული დაუმატეთ და მიქსერით აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს.

4. ზეთწასმულ საცხობ ფორმაში ცომი ჩაასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ ცოტა ხნით ღუმელში დატოვება სჭირდება.

5. მზა დესერტს გაგრილება აცადეთ, ასე ფორმიდან ადვილად ამოვა. ზემოდან შაქრის ფქვილი მოაყარეთ. ფხვიერი დესერტი მზადაა. ჩაი ან ყავა დაადგით და მეგობრები დაპატიჟეთ. გემრიელად მიირთვით.

ასეთი დესერტი კულიჩს და ფანქეიქს ჰგავს. მთელი ოჯახისთვის ბიუჯეტური შესანიშნავი დესერტია. სურვილის შემთხვევაში, ინგრედიენტების პროპორციები გააორმაგეთ ან გაასამმაგეთ, თუ მეტი დესერტის გაკეთება გსურთ. მინიმალურ დროში გემრიელი დესერტი მზადაა. დაგეხმარებათ, როცა სტუმრები მოულოდნელად კარს მოგადგათ.