ინტერვალური შიმშილობა დიეტის ერთ–ერთი მეთოდია, რომელიც პერიოდულად ჭამაზე უარს გულისხმობს. ყველაზე გავრცელებული 16/8 სქემაა. 8 საათის განმავლობაში სრულყოფილად იკვებებით, შემდეგი 16 საათი ჭამაზე უარს ამბობთ. ასეთი ინტერვალური კვება სხეულს ცხიმის მარაგის გამოყენებას აიძულებს, რაც წონის კლებას ხელს უწყობს.
დროთა განმავლობაში ორგანიზმი ახალ პირობებს მოერგება და მტანჯველი დიეტა ცხოვრების წესად იქცევა. პირველ კვირებში 16 საათიანი შესვენების გაძლება ძალიან რთულია. აფეთქებებს თავი რომ აარიდოთ და საღამოს მენიუ გაამრავალფეროვნოთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია ნოყიერი და სასარგებლო ვახშმის 3 რეცეპტს გიზიარებთ. თითოეული კერძი მინიმუმ კალორიას და მაქსიმუმ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. რაც მთავარია, ნამდვილად გემრიელია!
რა მივირთვათ ინტერვალური კვების დროს
ქოქოსის კეფირ–ბანანის მაფინები
ერთი შეხედვით, მაფინები ძალიან კალორიულია. წინ ყველაფერი ზედმეტის დასაწვავად საკმარისი დრო გაქვთ. თან შაქარი სტევიით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ის უფრო ტკბილია, ამიტომ სულ ცოტა დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ხორბლის ან სიმინდის ფქვილი
- 1 ჭიქა ქოქოსის ან ჩვეულებრივი შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ჭიქა უშაქრო ქოქოსის ფანტელები
- 2 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 2 მწიფე ბანანი
- 1,5 ჭიქა კეფირი
- 0,25 ჭიქა თხევადი ქოქოსის ზეთი
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადების წესი:
- ღრმა თასში ფქვილი, ქოქოსის შაქარი და ფანტელები, სოდა, მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
- ბანანს ქერქი მოაშორეთ და რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ. კეფირი, ზეთი და ვანილის ექსტრაქტი დაასხით და კარგად აურიეთ.
- მშრალი და თხევადი ინგრედიენტები შეაერთეთ. რამდენიმე წუთით აურიეთ, რომ თეთრი ზოლები სრულად გაქრეს.
- კექსის ფორმებს ზეთი წაუსვით და 2/3 მოცულობა ცომით გაავსეთ. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.
- მაფინების მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. თუ მშრალია, ღუმელიდან გამოიღეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ კექსი ფორმიდან ამოიღოთ.
ხმელთაშუა ზღვის სალათი ფეტვით და კინოათი
მსუბუქი ვახშმობისთვის იდეალური ვარიანტია. უჯრედისით და ცილებით მდიდარია. კინოა სუპერ საკვებად ტყუილად არ ითვლება. მარცვლეული ბევრი დიეტის უცვლელი ნაწილია და ინტერვალური კვება გამონაკლისი არაა.
ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა ფეტვი
- 1,75 ჭიქა წყალი
- 0,5 ჭიქა კინოა
- 1 მსხვილი კიტრი
- 0,5 წითელი ხახვი
- 1 მსხვილი პომიდორი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 2 ჩ/კ ხმელი კამა
- 1 კბილი ნიორი
- 200 გრ ყველი ფეტა
- 1 ლიმონი
- 250 გრ თეთრი ლობიო
- 0,25 ჩ/კ კაიენის წიწაკა
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 0,25 ჭიქა კედრის კაკალი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფეტვს 1 ჭიქა წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღების შემდეგ 5 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 10 წუთით თავდახურულ ქვაბში გააჩერეთ.
- ცალკე კინოა მოხარშეთ, დარჩენილი წყალი დაასხით. თავდახურულ ჭურჭელში ზომიერ ცეცხლზე ადუღების შემდეგ 12-14 წუთით ხარშეთ.
- ამ დროში დანარჩენი ინგრედიენტები მოამზადეთ. კიტრი, პომიდორი (რბილობი თესლის გარეშე), წიწაკა და ყველი პატარა კუბებად დაჭერით, ხოლო ხახვი – მეოთხედ რგოლებად.
- მსუბუქად გაგრილებული მარცვლეულები და ბოსტნეული აურიეთ. კამა, კაკალი, ლიმონის წვენი, ლობიო სითხის გარეშე, კაიენის წიწაკა, დაპრესილი ნიორი დაუმატეთ, ზეითუნის ზეთი მოასხით, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და კარგად აურიეთ.
გამომცხვარი ბროკოლი
კიდევ ერთი უცვლელი პროდუქტი გასახდომად – ბროკოლი. მასში ბევრი ვიტამინი შედის, რომელიც სწორი მომზადებისას სრულად ნარჩუნდება. მიირთვით გამომცხვარი ბროკოლი ნიორ–ლიმონის სოუსთან და მსუბუქად შემწვარ კედრის კაკალთან ერთად, რომ მისი გემო და არომატი სრულად გახსნათ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ბროკოლი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ნიორი
- 0,5 ჩ/კ ლიმონის ცედრა
- 1-2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ კედრის კაკალი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბროკოლი თანაყვავილედებად დაშალეთ და ზეითუნის ზეთი აურიეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ბროკოლი ერთ ფენად დააწყვეთ. 260 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დარბილებამდე აცხვეთ. ყოველ 12 წუთში გადააბრუნეთ, რომ თანაბრად გამოცხვეს.
- ტაფაზე ზეითუნის ზეთი გააცხელეთ და ნიორი ლიმონის ცედრასთან ერთად საშუალო ცეცხლზე 1 წუთით შეწვით. მუდმივად აურიეთ, რომ არ დაიწვას.
- როცა ნივრის და ცედრის ნარევი გაგრილდება, ლიმონის წვენი მოასხით. მზა ბროკოლი თეფშზე გადაიტანეთ და მიღებული სოუსი მოასხით, კარგად აურიეთ.
- მშრალ ტაფაზე კედრის კაკალი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით და ბროკოლს დაუმატეთ.
გემრიელი და სასარგებლო კერძების მომზადებას შეფმზარეულობა არ სჭირდება. რამდენიმე კარგი რეცეპტის ცოდნა საკმარისია. ასე ნებისმიერი დიეტა თუ ინტერვალური კვება გამარტივდება. გიცდიათ 16/8 სისტემით შიმშილობა?