იასამნის მურაბა: რისთვის და როგორ მოვამზადოთ

543

უჩვეულო ინგრედიენტებით მურაბის მომზადება ძალიან მიყვარს. მახსოვს, ბავშვობაში ბებია ბაბუაწვერას მურაბას ამზადებდა. სადღაც მაშინ უცნაური ტკბილეულისკენ ლტოლვა გამიჩნდა. სულ ვფიქრობდი, კიდევ რით შეიძლება მურაბის გაკეთება. ჩემი ახალი შთაგონება იასამანი გახდა. ვფიქრობ, ამ ყვავილებიდან რაღაც წარმოუდგენელი გამოვა.

გასულ წელს რეცეპტი უკვე გამოვცადე, ამიტომ Gastronomia.ge–ს რედაქცია რეცეპტს გიზიარებთ. გემო ნამდვილად გაგაოცებთ.

იასამნის არომატი

ბებია ყოველთვის ამბობდა, რომ იასამანი სამკურნალო თვისებებს ფლობს. მის მურაბას არ ხარშავდა, მაგრამ ყვავილების ნაყენს ამზადებდა. იასამანს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მისი ნაყენი სურდოს, თავის ტკივილის დროს, ნაკაწრებზე, ასევე სახსრებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ნაყენის მოსამზადებლად გზიდან მოშორებით იასამანი შეაგროვეთ და ყვავილები გაახმეთ. ყვავილები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ გაახმოთ. ხმელი ყვავილები მშრალად შეინახეთ და საჭიროებისამებრ ნაყენის მოსამზადებლად გამოიყენეთ.

ნაყენის მომზადების მეთოდი მარტივია. ბოთლი ყვავილებით ბოლომდე გაავსეთ, სპირტი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. 3 კვირის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. ახლა საფენად ან ლოსიონად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ნაკაწრებზე წაისვით, მტკივნეულ სახსრებზე დაიფინეთ. უნივერსალური ნაყენია. მურაბის მომზადებაზე გადავიდეთ.

იასამნის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 50 გ ფურცლები
  • 350 გ შაქარი
  • 350 მლ წყალი
  • ნახევარი ლიმონი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, იასამანი შეაგროვეთ. გირჩევთ, რომ ყვავილები სოფელში, გზიდან მოშორებით დაკრიფოთ. იასამანი ტოტებისა და წვრილი ფოთლებისგან საგულდაგულოდ გაწმინდეთ. შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგი ამად ღირს. მხოლოდ ყვავილები გჭირდებათ, რომ მურაბა მწარე არ გამოვიდეს. ამის შემდეგ ყვავილები წყლით გარეცხეთ, რომ მტვერი მოშორდეს.

2. შაქრის სიროფი მოამზადეთ. წყალი აადუღეთ, ცოტ–ცოტა შაქარი დაუმატეთ. სქელი სიროფი უნდა გამოვიდეს. როგორც კი, ადუღდება, ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. შემდეგ ყვავილები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. დაახლოებით 3-4 წუთით ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით. მურაბას გაგრილება აცადეთ. ამის შემდეგ ქილაში შეაგროვეთ.

ტკბილი მურაბა ყვავილის სიმწარით გამოდის. იასამნის არომატი მზადების პროცესშიც იგრძნობა. ასეთ მურაბას ფუნთუშას ვერ წაუსვამთ. პირადად, თითო კოვზს ჩაის ვუმატებ. სურდოს დროს მეხმარება. ზაფხულის შეგრძნება შუა ზამთარში საოცრებაა!