თურქული გოგრის დესერტი „რევანი“. სულთნების ფავორიტი

293

გოგრის დესერტის მრავალი რეცეპტი არსებობს, მაგრამ თურქული ვარიანტი ჩემი ფავორიტია. ფქვილს და კვერცხს არ შეიცავს. მთელ სახლში საოცარ არომატს ავრცელებს და ყველას სუფრაზე პატიჟებს. შემოდგომის ატმოსფეროს იდეალურად შეეფერება. Gastronomia.ge–ს რედაქცია აღმოსავლური დესერტის „რევანის“ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ გახეხილი გოგრა
  • 0,5 ლ კეფირი
  • 300 გ მანანის ბურღული
  • 100 გ შაქარი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით
  • დარიჩინი გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით
  • მურაბის სიროფი
  • ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

1. გარეცხილი და გასუფთავებული გოგრა წვრილ სახეხზე გახეხეთ. დესერტის მომზადების ეტაპებს შორის ეს ყველაზე რთულია.

2. გახეხილი გოგრა ღრმა თასში მოათავსეთ. შაქარი და მანანის ბურღული დაუმატეთ და აურიეთ. გამაფხვიერებელი, მარილი, დარიჩინი და ვანილი გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ.

3. ლიმონის ცედრა გემოვნებით დაუმატეთ, კეფირი დაასხით და აურიეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ.

4. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

5. ჯერ კიდევ ცხელი დესერტი რომბებად დაჭერით. მურაბის სიროფი მოასხით.

თუ მურაბის სიროფი არ გაქვთ, თაფლისა და წყლის ნარევი გამოიყენეთ. ამისთვის 1 ჭიქა წყალს 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. როგორც ვარიანტი, 1 ჭიქა წყალს 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ და აადუღეთ, შემდეგ ლიმონის წვენი დაუმატეთ და დესერტზე მოსასხმელად გამოიყენეთ.

6. გოგრის დესერტს ზემოდან ქოქოსი მოაყარეთ. როგორც კი გაცივდება, სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

გემრიელი გოგრის ცომეულის მომზადება აუცილებლად სცადეთ. კვირის დღეებში განწყობას აგიმაღლებთ და კომფორტს მოგანიჭებთ.