თაფლის ნამცხვარს ნებისმიერ დღესასწაულზე დედის რეცეპტით მარტივად ვამზადებ. ფენებს არ ვაბრტყელებ

430

კლასიკური თაფლის ნამცხვარი რთული და ნელი საქმეა. ნამცხვრის თითოეული ფენა ცალ–ცალკე უნდა გააბრტყელოთ, გამოჭრათ და გამოაცხოთ. ამას მოთმინება და უნარი სჭირდება, რომ ფენები თანაბრად გამოცხვეს და არ დაიწვას. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ თაფლის ნამცხვარი ზარმაცული მეთოდით. ფენების გაბრტყელება საჭირო არაა.

თაფლის ნამცხვარი ფენების გაბრტყელების გარეშე

რეცეპტი ფენების ცხობის მეთოდით განსხვავდება, მაგრამ მსგავს გემოს მიიღებთ. ნაზი, კარგად გაჟღენთილი ნამცხვარი გამოვა, რადგან არა მხოლოდ კრემს, არამედ ნამცხვრის გასაჟღენთ სიროფს მოვამზადებთ. წრეების გამოჭრა და ცომის ხელით მოზელა საჭირო არაა. ყველაფერი გაცილებით მარტივია. თაფლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გირჩევთ, რომ ფერმის თაფლი გამოიყენეთ და არა მაღაზიის. თუ ფენაში სოდის გემოს გრძნობთ, თაფლი ხარისხიანი არაა.

ამ რეცეპტში მხოლოდ ერთი დიდი ფენა უნდა გამოაცხოთ და რამდენიმე ნაწილად დაყოთ. ნამცხვარი მაღალი და გემრიელი გამოვა, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუ ასეთი თაფლის ნამცხვარი ჯერ არ გამოგიცხვიათ, გირჩევთ, გასინჯოთ. უმარტივესი რეცეპტია.

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 200 გ კარაქი
  • 4 ს/კ თაფლი
  • 4 კვერცხი
  • 2 ჩ/კ სოდა
  • 2 გ ვანილი

სიროფის ინგრედიენტები:

  • 80 გ შაქარი
  • 100 მლ წყალი

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ ნაღები
  • 200 გ შაქრის ფხვნილი
  • 700 გ არაჟანი

მომზადების წესი:

1. კარაქი თაფლთან ერთად სქელძირიან ქვაბში გაადნეთ. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. ფქვილი 2–3–ჯერ გაცერით. რაც უფრო მეტ ფქვილს გაცრით, მით უფრო მეტად გამდიდრდება ჟანგბადით და მით უფრო მაღალი ფენა გამოვა.

3. თაფლიან მასას კვერცხი და ფქვილი დაუმატეთ. ათქვიფეთ, სანამ მოცულობაში 2–ჯერ გაიზრდება. მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, რომ თანაბარი ფენა მიიღოთ.

4. ღრმა საცხობ ფორმას საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ. მთელი ცომი ფორმაში ჩაასხით და სილიკონის ნიჩბით გაასწორეთ.

5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. 15 წუთში ტემპერატურა 120 გრადუსამდე დაუწიეთ და ფენა გამოაცხვეთ. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. ფენას ყურადღება მიაქციეთ, რადგან ღუმელი ყველას განსხვავებული აქვს და მომზადების დრო ღუმელის სიძლიერის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

6. სანამ ბისკვიტი ცხვება, სიროფი გააკეთეთ. 80 გ შაქარი და 100 მლ წყალი აურიეთ. სუსტ ცეცხლზე წყალი მანამ გააცხელეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. სიროფი გააგრილეთ.

7. ცივი ცხიმიანი ნაღები (33%) მიქსერით ათქვიფეთ. უფრო ნაკლებ პროცენტიანი ნაღები არ გამოიყენოთ. ნაღები 10 წუთით ათქვიფეთ, რომ გასქელდეს. სქელ ნაღებს 200 გ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და კრემი კიდევ 2 წუთით ათქვიფეთ. ახლა 25%–იანი არაჟანი რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ. კრემს სილიკონის კოვზით აურიეთ. კრემი მაცივარში შეინახეთ.

8. ცივი ფენის კიდეები ჩამოჭერით და ბლენდერით დააქუცმაცეთ. ახლა ბისკვიტის ფენა ორ ნაწილად გაყავით და თითოეული ჰორიზონტალურად შუაზე გაჭერით. 4 ფენა გამოგივათ.

9. თითოეული ფენა სიროფით გაჟღინთეთ და კრემი წაუსვით. კრემის ფენა ერთგვაროვანი რომ გამოვიდეს, კრემი 5 ნაწილად გაყავით. ნამცხვარს ზემოდან და გვერდებზე კრემი წაუსვით და ნაფშვენი მოაყარეთ. მაცივარში მთელი ღამით გასაჟღენთად გააჩერეთ.

თაფლის ნამცხვარი ათქვეფილი ნაღებით და არაჟნით უფრო ნაზი გამოდის. პლომბირის გემოს გაგახსენებთ. თუ არაჟნის მომჟავო გემო მოგწონთ, კრემი მხოლოდ არაჟნით გააკეთეთ. მთავარია, რომ ცივი ცხიმიანი არაჟანი გამოიყენოთ.

მთავარი ინგრედიენტი თაფლია. ღია თხევადი თაფლი გამოიყენეთ, რომელიც ცომში ადვილად იზილება. დაშაქრული თაფლიც გამოგადგებათ, მაგრამ წყლის ორქთლზე გადნობა მოგიწევთ. მუქი თაფლისგან თავი შეიკავეთ, თუ ფენაში სიმწარის შეგრძნება არ გსურთ. წარმატებული მყარი კრემი რომ მიიღოთ, პროდუქტები ცივი უნდა იყოს. განსაკუთრებით, ნაღების კრემის შემთხვევაში. არ დაგავიწყდეთ, რომ კრემი ყოველთვის შაქრის ფხვნილით უნდა მოამზადოთ, რადგან შაქარმა კრემი შეიძლება გაათხელოს ან ათქვეფისას არ გაიხსნას. სამზარეულოში გემრიელ ექსპერიმენტს გისურვებთ!