თეთრი და მსუბუქი, როგორც პატარძლის კაბა. რამდენიც არ უნდა მოვამზადო, საკმარისი არასდროს არის

5657

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ უგემრიელესი სალათის მარტივ რეცეპტს, რომელსაც “პატარძლის” სახელწოდებით ვიცნობთ. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და მათი უმრავლესობა დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენს მაცივარში. სალათი “პატარძალი” აუცილებლად გაალამაზებს თქვენს სადღესასწაულოს სუფრას. თუ ტრადიციული “შუბა” და “ოლივიე” უკვე მოგბეზრდათ, აუცილებლად ცადეთ ამ სალათის მომზადება, რომელიც პატარძლის კაბასავით თეთრი, ნაზი, ფაფუკი და ლამაზია, თანაც ძალიან გემრიელი.

სალათი “პატარძალი”

ინგრედიენტები: 

  • 300 გრამი ქათმის ფილე
  • 4-5 კვერცხი
  • 1 მდნარი ყველი
  • 2 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ძმარი (9%-იანი)
  • 100 მლ ცხელი წყალი
  • მაიონეზი

მომზადება:

1. მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი.

2. დააქუცმაცეთ ქათმის მოხარშული ფილე.

3. მსხვილ სახეხზე გახეხეთ მოხარშული კარტოფილი. მდნარი ყველის მაგივრად შეგიძლიათ რეცეპტში უბრალო, ხმელი ყველის გამოყენებაც, თუმცა ამ შემთხვევაში ის უნდა გაიხეხოს წვრილ სახეხზე.

4. განაცალკევეთ კვერცხის მოხარშული გული ცილისგან და ცალ-ცალკე დააქუცმაცეთ ისინი.

5. მოამზადეთ ხახვის მარინადი. ამისათვის, წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ცხელი წყლისა და ძმრის ნარევი და დააყოვნეთ 20 წუთით. ის საოცარ გემოსა და არომატს შეიძენს.

6. როდესაც ყველა ინგრედიენტს გაამზადებთ, შეუდექით თეფშზე მათ განთავსებას ფენებად. ყველა ფენას შორის უნდა გაკეთდეს მაიონეზის ბადე. ბოსტნეულის ფენებს ზემოდან ვაყრით მარილსა და პილპილს.

7. ფენების თანმიმდევრობა: ქათმის ფილე, მაიონეზი, დამარინადებული ხახვი, კარტოფილი, მაიონეზი, კვერცხის გული, მდნარი ყველი, მაიონეზი, კვერცხის ცილა.

სალათის ზედა ფენა ისეთი თეთრი, ქათქათა და მოცულობითი, ჰაეროვანი გამოდის, როგორც პატარძლის კაბა. სწორედ ამ ფაქტის გამო მიიღო სალათმა სახელწოდება “პატარძალი”. აუცილებლად ცადეთ დამოუკიდებლად მისი მომზადება და პირობას გაძლევთ, არ ინანებთ.