ზუჩინის ლამაზი და მადისაღმძვრელი რულეტების რეცეპტი: გემრიელი და ნოყიერი მსუბუქი კერძი 30 წუთში

1269

მე ძალიან მიყვარს კერძები, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება და ძალიან გემრიელია, არამედ ისეთებიც, რომელთა მომზადება ძალიან მარტივია. მადისაღმძვრელი ზუჩინის რულეტები სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ამ რულეტების მოსამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ 30 წუთი და ცოტაოდენი ძალისხმევა გჭირდებათ. შედეგად კი მიიღებთ ყოველმხრივ სასიამოვნო კერძს: ფაფუკი მოცარელას მარილიანი შიგთავსი და ლორი იდეალურად ერწყმის ოდნავ ხრაშუნა ზუჩინის, პომიდვრის საკმაზი კი კერძს პიკანტურობას და ცხარე გემოს მატებს.

რჩევა: საკუთარ წვენში დაკონსერვებული პომიდვრები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი მზა ტომატის სოუსით. ამ შემთხვევაში ნაკლები მარილი და პილპილი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  •  2-3 ც ზუჩინი
  • 100 გრ ლორი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 კბილი ნიორი
  • 250 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 150 გრ მოცარელა
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ ზუჩინი, შემდეგ კი კარტოფილის სათლელით ძალიან თხლად დაჭერით. ლორიც ასევე თხლად დაჭერით. მოცარელა კი გახეხეთ.

2. განათავსეთ მოცარელა ლორით ზუჩინის თხელ ნაჭერზე და გაახვიეთ რულეტივით. სანდოობისთვის, მათი დამაგრება შეგიძლიათ კბილის ჩხირებით.

3. საკუთარ წვენში დაკონსერვებული პომიდვრები დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. მასა ჩაასხით ღრმა ჭურჭელში ან მაღალ ტაფაზე, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით. დაადგით ცეცხლზე, მოადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე და დამატებით 10 წუთით ადუღეთ.

4. მიღებულ სოუსში ჩაალაგეთ ზუჩინის რულეტები. მოთუშეთ რულეტები სოუსში, თავდახურულ ტაფაზე 10 წუთის განმავლობაში ან გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში.

სულ ესაა, გემრიელი, მადისაღმძვრელი და ლამაზი კერძი მზადაა. არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის რეცეპტის გაზიარება!