დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ქათმის ბულიონის კუბები სახლის პირობებში. წვნიანის მოხარშვისას შინაურული ბულიონის კუბების სუნი მთელ სახლში გავრცელდება. რაც მთავარია, არანაირი ქიმია, მხოლოდ ნატურალური პროდუქტები. ასეთი კუბებით ბოსტნეულის და მაკარონის უბრალო წვნიანი შეგიძლიათ მოხარშოთ, მაგრამ სრულყოფილი, ქათმის წვნიანის გემო ექნება!
ინგრედიენტები:
- 180 გრ ქათმის გულმკერდი
- 3 კბილი ნიორი
- 2 საშუალო ზომის ხახვი
- 100 გრ ნიახურის ფესვი
- 80 გრ პრასი
- 1 ძირთეთრა
- 400 გრ სტაფილო
- პატარა კონა ოხრახუში
- 50 გრ მარილი
მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი მსხვილად დაჭერით. მცენარეულ ზეთში ქათმის ხორცი ხახვთან ერთად 4 წუთით შეწვით, შემდეგ დანარჩენი ბოსტნეული დაუმატეთ. დაახლოებით 80 მლ წყალი დაასხით, რომ ტაფის ძირი დაფაროს, ცეცხლს დაუწიეთ, თავსახური დაახურეთ და 10 წუთი თუშეთ.
2. მზა ბოსტნეული გააგრილეთ და ოხრახუშთან ერთად დააბლენდერეთ. მარილი დაუმატეთ და აურიეთ.
3. საცხობ ფორმას შესაფუთი პარკი დააფინეთ, ნარევი მასზე გადაიტანეთ. ზემოდან პარკი დააფარეთ და საყინულეში 30 წუთით შეინახეთ. ასე ნარევი ოდნავ გაიყინება და ფორმას დაიკავებს.
4. ამის შემდეგ პარკი მოაშორეთ და პორციულ კუბებად დაჭერით – 1 კუბი 1 ქვაბი წვნიანისთვის. უფრო დიდი კუბი შეგიძლიათ გააკეთოთ ან 1 წვნიანისთვის 2 კუბი გამოიყენოთ, თუ უფრო გაჯერებული გემო გსურთ.
5. თითოეული კუბი ფოლგაში ან პარკში გაახვიეთ. ყველა კუბი ერთ პარკში ჩადეთ და საყინულეში შეინახეთ.
6. აუცილებლობის მიხედვით გამოიღეთ და წვნიანი მოამზადეთ. მხოლოდ 1-2 კუბი საკმარისია, რომ მთელი ქვაბი წვნიანი გაჯერებული ყვითელი გახდეს და სახლი შინაურული ქათმის წვნიანის სასიამოვნო არომატით გაივსოს.
გემრიელად მიირთვით!