სამარხვო შარლოტა, რომელიც ჩვეულებრივს არაფრით ჩამოუვარდება

408

მეუღლე მარხვას მკაცრად იცავს, მაგრამ ცომეულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სამარხვო შარლოტას რეცეპტი დროულია. პეროგის სტრუქტურა ისეთი ფაფუკი არაა, როგორც კვერცხის ვარიანტში, მაგრამ ძალიან წვნიანი, ნაზი და გემრიელია!

პეროგი რომ არომატული და გაჯერებული გამოვიდეს, ვანილის შაქრის გარდა ფორთოხლის ცედრა და წვენი თამამად დაუმატეთ! Gastronomia.ge-ს რედაქცია სამარხვო ვაშლის შარლოტას მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფქვილი
  • 100 მლ ფორთოხლის წვენი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 140 გ შაქარი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 1 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 100 მლ წყალი
  • 3-4 ვაშლი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. წყალი, შაქარი, ვანილის შაქარი და მწიკვი მარილი ღრმა თასში აურიეთ.

2. ფორთოხლის ცედრა გახეხეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თეთრი ნაწილი არ ჩაახეხოთ, მას მწარე გემო აქვს. ფორთოხლის წვენი გაწურეთ, მაგრამ მხოლოდ 100 მლ გამოიყენეთ. მეტი სითხის შემთხვევაში, ცომი თხევადი გამოვა.

3. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.

4. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ, მშრალი ნარევი ცომს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

5. ვაშლი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. მჟავე ვაშლი გამოიყენეთ, ასე შარლოტას გემო უფრო დაბალანსდება. ვაშლი ცომს დაუმატეთ და აურიეთ.

6. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ მცენარეული ზეთი წაუსვით. ფორმის ძირს ფქვილი მოაყარეთ, შემდეგ ცომი ჩაასხით. თანაბრად გაანაწილეთ. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

7. ესეც ასე, ვაშლის შარლოტა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სამარხვო შარლოტა არა მხოლოდ ვაშლით, არამედ ნებისმიერი სხვა ხილით ან კენკრით შეგიძლიათ მოამზადოთ. მთავარი პირობაა, რომ ძალიან რბილი არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი შეიძლება დალბეს. ვაშლის გარდა შარლოტას მსხალი, ატამი ან მარწყვი ძალიან უხდება. ამ ტკბილეულის მომზადებას მთელი გულით გირჩევთ, ოჯახის წევრები სათანადოდ დააფასებენ!