Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, როგორ მოხუფოთ ქილები მოსახუფი თავსახურის გარეშე. გიამბობთ, შეიძლება თუ არა მოსახუფი თავსახური ხელმეორედ გამოიყენოთ.
თავსახურის გასასწორებელი მოწყობილობა
მოსახუფი თავსახური შეგიძლიათ გაასწოროთ და ისევ საქმეში ჩართოთ. ძველად სპეციალური მანქანაც იყიდებოდა. ასეთი მოწყობილობა ძველმანების ბაზრობაზე ან ინტერნეტში განცხადებების ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ და შეიძინოთ.
გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ. პირველ რიგში, თავსახურიდან ამოიღეთ შემამჭიდროებელი რგოლი, რომ არ დაზიანდეს. ახლა თავსახური მოწყობილობის ორ რგოლს შორის ჩასვით და სახელური რამდენჯერმე გადაატრიალეთ. რგოლი თავის ადგილზე დააბრუნეთ. თავსახური მზადაა და ქილების მოსახუფად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ამ მანქანასთან ერთად სპეციალური სახსნელიც უნდა შეიძინოთ. მისი დახმარებით თავსახურის ზედა ნაწილი ფორმას არ შეიცვლის.
პოლიეთილენის თავსახურები
ნეილონის თავსახურისგან განსხვავებით უფრო ჰერმეტულია და სპეციალურად მოსახუფად შექმნილი. 15 წამით მდუღარე წყალში გააჩერეთ, სანამ გამოიყენებთ. ხშირად მას თერმოშემკუმშავ თავსახურს ან თერმოთავსახურს უწოდებენ.
პირობითად მრავალჯერადი თავსახურია. ქილას ფრთხილად მოხსენით, რომ ხელმეორედ გამოიყენოთ. თავსახურს 10 წამით ცხელი წყალი დაასხით, რომ პოლიეთილენი უფრო დამყოლი გახდეს. დეფორმირებული თავსახური არ გამოგადგებათ, ამიტომ მის გამოყენებას არ გირჩევთ.
ვაკუუმის თავსახურები
საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკული ვარიანტია, რომელიც 200-ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი ფასი იკბინება და პერსპექტივაში ღირებულების ამოღებას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებთ.
იაფი ვაკუუმის თავსახური ნაკლებად ჰერმეტული შეიძლება იყოს. გამოყენებამდე შემამჭიდროებელი რგოლი მოხსენით და ყურადღებით დააკვირდით, რაიმე ხიწვი ხომ არ აქვს. თუ შეამჩნიეთ, დანით მოაჭერით. თუ სურვილი გაქვთ, თავსახურის ჰერმეტულობა წინასწარ შეამოწმეთ. წყლიანი ქილა მოხუფეთ და გადააბრუნეთ. თუ ჰაერის ბუშტები თავსახურიდან შედის, მისი გამოყენება არ ღირს.
მინის თავსახურები
ძველ ნივთებს შორის შეიძლება უცნაური ვარიანტიც იპოვოთ. საუბარია მინის თავსახურზე, რომელსაც ნაკრებში შემამჭიდროებელი რგოლი და ლითონის მომჭერი ახლავს. თუ ყველა დეტალი მთელია, შეგიძლიათ ქილების მოხუფვა სცადოთ.
გასანთლული ქსოვილი
ცვილით გაჟღენთილი ქსოვილი შეგიძლიათ ქილას დააფაროთ და თოკით მჭიდროდ შეკრათ. ძველებური მეთოდია, რომლითაც მურაბის ქილებს ხუფავდნენ, როცა ქარხნული თავსახურები ჯერ არ იწარმოებოდა. თუ ამ ვარიანტის გამოყენებას აპირებთ, მხოლოდ ისეთი პროდუქტების მოსახუფად გამოიყენეთ, რომლებიც სწრაფად არ ფუჭდება. ასეთია მურაბა ბევრი შაქრით. შაქარი ხომ კონსერვანტია, რომელიც პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს.
ქილების მოხუფვის ბევრი საინტერესო, ამავდროულად ეგზოტიკური და შრომატევადი ვარიანტები არსებობს. და მაინც, გირჩევთ, ექსპერიმენტებს თავი აარიდოთ და ყურადღება უფრო მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილოთ, მაგალითად, ქილების სტერილიზაციაზე.