საფუარის ცომი საშიში არაა. თუ მანამდე მასთან მუშაობას ვერ ბედავდით, დღევანდელი რეცეპტი ამის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ცომის ნაწნავები შაქრით უჩვეულოდ მარტივად მზადდება. ყოველთვის წარმატებული გამოდის. მთავარია, რომ მომზადების სწორი ტექნოლოგია დაიცვათ.
ფუნთუშებს როგორც შაქარი, ასევე სეზამის თესლი ან დაქუცმაცებული ნიგოზი შეგიძლიათ მოაყაროთ. საოცარი შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. ამაში თავად დარწმუნდებით!
როგორ გამოვაცხოთ ფუნთუშა ნაწნავი შაქრით
ცომი კარგად რომ ამოვიდეს, საფუარის ნარევი სწორად მოამზადეთ. ჯერ რძე შეათბეთ. ამ მიზნით მიკროტალღური ღუმელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ მშრალ საფუარს მხოლოდ თბილი რძე უნდა დაუმატოთ. ამ ინგრედიენტის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია.
ინგრედიენტები:
- 500 გ ხორბლის ფქვილი
- მწიკვი მარილი
- 1 ს/კ საფუარი
- 50 მლ რძე
- 3 კვერცხი
- 5 ს/კ შაქარი
- 10 გ ვანილი
- 200 მლ კეფირი
- 50 გ კარაქი
მომზადების წესი:
1. მშრალი საფუარი, 1,5 ს/კ შაქარი და თბილი რძე აურიეთ. 15 წუთით გააჩერეთ. 2 კვერცხი მარილთან, 1,5 ს/კ შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. გამდნარი კარაქი და თბილი კეფირი დაუმატეთ. საფუარის ნარევს დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
2. თანდათან ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ღრმა თასში გადაიტანეთ, დააფარეთ და 1,5 საათით სითბოში გააჩერეთ.
3. ცომი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით და თხელი ძეხვის ფორმები მიეცით. ნაწნავები გააკეთეთ, კიდეები შეკარით. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
4. კვერცხი ათქვიფეთ. ნაწნავებს წაუსვით. დარჩენილი შაქარი მოაყარეთ. 180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.
ფუმფულა და არომატული ფუნთუშა ცხელ ჩაიზე, კაკაოზე ან თბილ რძეზე მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანეთ. ნაზ ნაწნავებს ვერ მოწყდებით.