აპოხტი, მესხური დელიკატესი-სახლში გამომშრალი ხორცი

3417

აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტის ხინკალი მესხურ სოფლებში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული კერძია. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ამ დიდებულ მხარეში, აუცილებლად დააგემოვნეთ აპოხტის ხინკალი. ჩვენ კი დღეს თავად აპოხტის მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • ნასუქი ღორი
  • მარილი

მომზადება:

  1. საზამთროდ ნასუქი ღორი დავკლათ, გავასუფთავოთ, გამოვშიგნოთ და დავჭრათ დიდ ნაჭრებად: ბარკლები, მხრები, ნეკნები, კისერი.
  2. ყველაფერი ცალ-ცალკე მოვაყაროთ ბლომად მარილი და 3-4 დღით ჩავალაგოთ გობში, რომ მარილი კარგად გაუჯდეს.
  3. შემდეგ ხორცი გობიდან ამოვიღოთ, ერთ-ერთ კუთხეში დანით ჩავჭრათ, გავუყაროთ თოკი და გარეთ “ჭერიკაზე” (ორ ბოძზე მაღლიდან გადებული გრძელი ხე) გავკიდოთ გასაშრობად.
  4. ხორცი ჰაერზე რამდენიმე დღე დავტოვოთ, შემდეგ კი შევიტანოთ სახლში და ბუხრის მაღლა ჩამოვკიდოთ, რათა ბოლში გამოშრეს.
  5. ასეთნაირად გამოყვანილი ხორცი – აპოხტი შევინახოთ გრილ ადგილას.
  6. აპოხტისგან შეიძლება გავაკეთოთ საჭმელიც და შეიძლება უმადაც მივირთვათ.