ჰაეროვანი პეროგი ხაჭოს კრემით. არაბი კონდიტერის რეცეპტი

345

Gastronomia.ge–ს რედაქცია ხაჭოკვერის და ჩიზქეიქის მოყვარულებს გთავაზობთ ფაფუკ პეროგს ხაჭოს კრემით. საოცრად ნაზი ტკბილეული ადრე მირთმეულ ყველა დესერტს დაჩრდილავს. სწორედ ისაა, რაც წარმატებული ჩაის წვეულებისთვის გჭირდებათ.

ამ დიდებული ცომეულის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საკონდიტრო ტომარა. მის გარეშე კრემით ბადის გაკეთება გაგიჭირდებათ. თუ საკონდიტრო ტომარა არ გაქვთ, პარკიდან თავად გააკეთეთ. მარტივი პროცედურა მხოლოდ 30 წამს წაგართმევთ.

როგორ გამოვაცხოთ ლამაზი და ფაფუკი პეროგი ხაჭოს კრემით

ცომზე ნახატი მაქსიმალურად ზუსტად რომ გააკეთოთ, ხოლო ხაზები ერთმანეთისგან ერთი და იმავე მანძილით დაშორებული იყოს, ხრიკს მიმართეთ. ცომს დანა დაუსვით და ზოლები შექმენით, რომელზეც შემდეგ ხაჭოს კრემს დაადებთ.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 120 გ შაქარი
  • 70 მლ რძე
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 გ ხაჭო

მომზადების წესი:

1. 3 კვერცხი ათქვეფეთ. მარილი და 150 გ შაქარი დაუმატეთ. ერთიანი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. რძე და მზესუმზირის ზეთი ჩაასხით და კარგად აურიეთ.

2. გაცრილი ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ერთიანი სქელი მასის მიღებამდე სათქვეფით აურიეთ.

3. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. მასში ცომი გადაიტანეთ. სპატულით გაასწორეთ.

4. ცალკე ხაჭო, კვერცხი, სახამებელი და 60 გ შაქარი აურიეთ. ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. მიღებული მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.

5. ფორმაში ჩადებულ ცომზე ხაჭოს კრემით ბადე მოხატეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ. მზადაა!

პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. კვადრატებად დაჭერით. ამის გაკეთება მარტივია, რადგან მზა კონტურები უკვე გაქვთ. საოცარი პეროგი მორიგი ჩაის წვეულებისთვის აუცილებლად მოამზადეთ. გემრიელად მიირთვით.