შვრიის გოზინაყი შოკოლადით და კაკლით

74

გოზინაყი აღმოსავლური ტკბილეულია, რომელიც თაფლში შერეული კაკლით ან თესლით მზადდება. ასეთ დესერტს საოცარი გემო აქვს. თუ სწორ რეცეპტს გამოიყენებთ, ამ საოცარი გემოს გამეორებას შეძლებთ. დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია სწორედ ასეთ რეცეპტს გაგიზიარებთ. გოზინაყი შვრიის ფანტელებით თქვენს გულს დაიიპყრობს. მომზადებაზე ნახევარ საათზე მეტს არ დახარჯავთ.

სასარგებლო და ნოყიერი წასახემსებელია, რომელიც ბავშვებს სკოლაში შეგიძლიათ გაატანოთ ან სამსახურში წაიღოთ. ასე ფიქრი არ მოგიწევთ, რა მიირთვათ სადილზე შესვენების დროს. ხელთ ხომ ნოყიერი ტკბილეული გექნებათ, რომელიც დახარჯული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი შვრიის ფანტელებით

მნიშვნელოვანია, რომ მშრალი და სველი ინგრედიენტების რაოდენობა ზუსტად იმდენი იყოს, რამდენიც რეცეპტშია მითითებული. აი, დანამატზე ექსპერიმენტები დაშვებულია. შტოშის ნაცვლად საყვარელი ჩირი აიღეთ, ხოლო შავი შოკოლადის ნაცვლად რძიანი, რაც დესერტს უფრო ტკბილს გახდის.

ინგრედიენტები:

  • 250 გ შვრიის ფანტელი
  • 70 გ კარაქი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 40 გ მზესუმზირის თესლი
  • 80 გ შტოში
  • 100 გ თაფლი
  • 50 გ შაქარი
  • მწიკვი ვანილი
  • 40 გ ნიგოზი
  • 80 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. შვრიის ფანტელები, კაკალი და თესლი მშრალ ტაფაზე 5 წუთით მოხალეთ. პერიოდულად აურიეთ.

2. კარაქი, თაფლი, შაქარი, მარილი და ვანილი აურიეთ. ეს ინგრედიენტები ზომიერ ცეცხლზე გააცხელეთ. სპატულით ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება და კარაქი არ გადნება.

3. თაფლიანი ნარევი შვრიის ფანტელებს და კაკალს დაასხით და კარგად შეურიეთ.

4. შოკოლადი წვრილად დაჭერით. ხმელი შტოშიც დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მიღებული მასა ფორმაში გადაიტანეთ და კოვზით გაასწორეთ. 2 საათით მაცივარში შეინახეთ.

გამაგრებული მასა ნაჭრებად დაჭერით. გოზინაყი ჩაის შეგიძლიათ მიაყოლოთ. კლასიკური დესერტისგან განსხვავებით, უფრო რბილი ვარიანტია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ჩაკბიჩოთ, კბილების გამძლეობაზე შემოწმება არ მოგიწევთ.