ყალია ქართულ სამზარეულოში აღმოსავლური სამყაროდან შემოვიდა და სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარი რეცეპტის წარმოშობა განაპირობა. კახეთში ყალიას ღორის ხორცით ამზადებენ, ზოგან-ქათმის, ზოგან – ბრინჯის დამატებით. გასტრონომია დღეს ქათმის ხორცისგან მომზადებულ ყალიას გთავაზობთ.
მასალა:
- ქათამი, დიდი ზომის, მსუქანი – 1 ცალი
- ზეთი – 20 მლ
- ხახვი – 3-4 თავი
- ნიორი – 2 კბილი
- პამიდორი – 100 გ
- ბროწეულის წვენი -40 მლ
- ბროწეულის მარცვლები – 30 გ
- დაფქული ქინძი – 10 გ
- ყვითელი ყვავილი -10 გ
- დაღერღილი წიწაკა – 3 გ
- ცოცხალი ქინძი – 25 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ნაჭრებად დაჭრილი ქათამი და მობრაწეთ. მოაყარეთ დაფქული ქინძი, ყვითელი ყვავილი, დაღერღილი წიწაკა და მარილი.
- ალყა-ალყა (რკალებად) დაჭერით ხახვი, დასრისეთ ნიორი და ბროწეულის მარცვლებთან ერთად დაუმატეთ ქათამს. ხახვი რომ გაუფერულდება და ქათამი წვენს გამოუშვებს, ჩაუმატეთ გახეხილი პამიდორი და ბრწეულის წვენი ( შეგიძლიათ პამიდვრის ნაცვლად 10 გრამი ტომატ-პასტა გამოიყენოთ). შუშეთ 30 წუთის განმავლობაში. კერძი უნდა იყოს მსუბუქად წვნიანი.
- მომზადებულ ყალიას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მიირთვით ცხლად.