ყაბაყის რულეტი. სწრაფი წასახემსებელი სადღესასწაულო და ყოველდღიური სუფრისთვის

623

დღეს სუფრაზეა გემრიელი სეზონური წასახემსებელი, ყაბაყის რულეტები. ერთი ყაბაყიდანაც ძალიან ბევრი რულეტი გამოდის. კერძი სწრაფად მზადდება და სუფრიდანაც სწრაფად ქრება. გემო კვერცხის კლიარში ყაბაყის შეწვის გამო ცოტა უჩვეულოა. აუცილებლად სცადეთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია დეტალურ ინსტრუქციას გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ყაბაყი
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • 0,25 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1. ყველა ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ახალი ყაბაყი შეარჩიეთ, რომელსაც რბილი ქერქი და ნაკლებად გამოხატული გული აქვს, თესლი გამაგრებული არ უნდა იყოს.

2. რაც შეიძლება თხელ ზოლებად დაყავით. ამის გაკეთება ბოსტნეულის საჭრელით უფრო მოსახერხებელია. დაფაზე დააწყვეთ, მარილი მოაყარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ბოსტნეული დარბილდება და წვენი გამოვა.

3. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. თასში გახეხილი ყველი, არაჟანი, დაქუცმაცებული ნიორი და ოხრახუში მოათავსეთ.

4. შიგთავსის ინგრედიენტები კარგად აურიეთ.

5. ყაბაყს სითხე კარგად მოაშორეთ და ფქვილში ამოავლეთ.

6. ახლა ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ.

7. კარგად გაცხელებულ ზეთზე შეწვით. ზოლები საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან თითო წუთით შეწითლებამდე წვით.

8. სწორ ზედაპირზე შემწვარი ყაბაყი მოათავსეთ. უფრო ფართო ბოლოში 1 ჩაის კოვზი ყველის შიგთავსი და პომიდვრის ნაჭერი მოათავსეთ.

9. კარგად დაახვიეთ. თუ რულეტი იშლება, კბილის ჩხირი ჩაარჭეთ.

10. ყაბაყის რულეტი მზადაა. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!