ტკბილი ფუნთუშები შედედებული რძის შიგთავსით

1737

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ საყვარელი, გვირილას ფორმის ტკბილი ფუნთუშები შედედებულის რძის შიგთავსით. ფუნთუშა ძალიან ჰაეროვანი და არომატული გამოდის საფუარითა და კეფირით მოზელილი ცომის წყალობით.

შიგთავსისთვის შეგიძლიათ შედედებული რძის ნაცვლად სქელი მურაბა ან ჯემი გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ ცომში 2-3 ნატეხი რძიანი შოკოლადის დამატება.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 80 გრ შაქარი
  • 70 გრ კარაქი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 5 გრ მშრალი საფუარი
  • 180 მლ კეფირი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ც კვერცხი
  • 300 გრ მოხარშული შედედებული რძე
  • შაქრის პუდრი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი, ჩაის კოვზით შაქარი და სუფრის კოვზით ფქვილი. გააჩერეთ თბილ ოთახში 15 წუთით.

2. დარჩენილი ფქვილი გაცერით ღრმა ჯამში, დაუმატეთ დარჩენილი ჩვეულებრივი შაქარი, შემდეგ კი ვანილის შაქარი, მარილი და კვერცხი. შემდეგ ჩაასხით თბილი კეფირი და მოზილეთ ცომი. მოზელის დროს თანდათან დაუმატეთ გამდნარი კარაქი. ცომმა ბოლომდე უნდა შეიწოვოს კარაქი. თასი შეფუთეთ ხელსახოცში და გააჩერეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათით.

3. აფუებული ცომი გაყავით 12-15 ნაწილად. ცომის თითოეული ბურთულა გაიყვანეთ ოვალურ 3-4 მმ სისქის ფენად. მომზადებისას ერთ კუთხეზე გააკეთეთ ჭრილები, საწინააღმდეგო მხარეს კი მოათავსეთ ცოტაოდენი შიგთავსი. გაახვიეთ რულეტივით და ბოლოები ერთმანეთს შეაწებეთ, რგოლი რომ მიიღოთ.

4. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე მოათავსეთ გვირილას ფორმის ფუნთუშები, ზემოდან კი ფუნჯით წაუსვით კვერცხის გული და გააჩერეთ 15-20 წუთით. ფუნთუშები აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. სანამ მეგობრებს და ახლობლებს გაუმასპინძლდებით, ფუნთუშებს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

აუცილებლად მოამზადეთ ეს გემრიელი, ფუმფულა, არაჩვეულებრივად არომატული და ჰაეროვანი ფუნთუშები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება კომენტარებში. გემრიელად მიირთვით!