სიცხარე და სიტკბო ერთ ქილაში: ფერადი ლეჩო ბულგარული წიწაკით

286

ლეჩოს მომზადების 1000 და 1 მეთოდი არსებობს. ზოგი ძირითად ინგრედიენტად იყენებს ყაბაყს, სხვები – ბადრიჯანს. ტრადიციული რეცეპტით, ლეჩო ბულგარული წიწაკით და პომიდვრით მზადდება.

Gastronomia.ge–ს რედაქცია მომზადების კლასიკურ ტექნოლოგიას გიზიარებთ, მაგრამ მცირე ხიბლით. გირჩევთ, შინ მომზადებულ ლეჩოს დამატებით ინგრედიენტად კოვზი თაფლი დაუმატოთ. ასე წასახემსებელი ჯადოსნური გამოვა. მის რეცეპტს მოგთხოვთ ყველა, ვინც კერძს ტკბილი წიწაკით და თაფლით გასინჯავს. ამაში ეჭვიც არ გვეპარება!

როგორ მოვამზადოთ ლეჩო ბულგარული წიწაკით

თუ არ გსურთ, რომ ძალიან ცხარე ლეჩო გამოვიდეს, ცხელი წიწაკა სწორად დაამუშავეთ, სანამ დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატებთ. თესლი მოაშორეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ. შედეგად თქვენს ნამზადში ზედმეტი სიცხარე არ იქნება.

ინგრედიენტები:

  • 3 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1 ნიორი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 70 მლ ვაშლის ძმარი
  • 2 კგ პომიდორი
  • 1 ჩილის წიწაკა
  • 100 გ შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. პომიდორი კარგად გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. პომიდვრის ნარევი ქვაბში ჩაასხით და ქურაზე დადეთ. ადუღების შემდეგ სუსტ ცეცხლზე 30 წუთი ხარშეთ.

2. ტკბილი წიწაკა კარგად გარეცხეთ, ყუნწი და თესლი მოაშორეთ. მოკლე ზოლებად დაჭერით. წიწაკა პომიდორს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და კიდევ 10 წუთი ხარშეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ.

3. ნიორი გაასუფთავეთ. დაჭყლიტეთ ან წვრილად გახეხეთ. ცხარე წიწაკა გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. ნიორი და ცხარე წიწაკა პომიდორს და ბულგარულს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

4. მარილი და შაქარი დაუმატეთ. მზესუმზირის ზეთი, ვაშლის ძმარი და თხელი თაფლი ჩაასხით. კარგად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და კიდევ 5 წუთი ხარშეთ.

5. ბოსტნეულის ნარევი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. კარგად მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ, თბილად შეფუთეთ და სამზარეულოში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

ასეთი გემრიელი ლეჩო ჯერ არ გაგისინჯავთ. მარტივად მზადდება და ზომიერად ცხარე და ტკბილი გამოდის. იდეალური ვარიანტია ნებისმიერი სუფრისთვის, იქნება ეს სადღესასწაულო თუ ყოველდღიური.