2 რეცეპტი, როგორ დაამწნილოთ ყაბაყი სწორად, რომ არომატული და ხრაშუნა გამოვიდეს

179

დამწნილებული ყაბაყი ისეთივე თვისებებს ფლობს, როგორსაც კიტრი, სასიამოვნოდ ხრაშუნაა. კიტრივით მაგარი არაა, რადგან განსხვავებული ტექსტურა აქვს, მაგრამ ხრაშუნობს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2 რეცეპტს, როგორ დაამწნილოთ ყაბაყი.

ამ რეცეპტებით გემრიელი და არომატული მწნილების მომზადებას შეძლებთ. მისი გემო და არომატი უკონკურენტოა. ზამთარში ნომერ პირველი წასახემსებელი გახდება.

ყაბაყის მწნილი, სწრაფი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ყაბაყი
  • 3 ტოტი ოხრახუში
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 4 კბილი ნიორი
  • 6 ს/კ ძმარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

1. კარგად გარეცხილი ყაბაყი 1 სმ სისქის რგოლებად დაჭერით. წყალი დაასხით. 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ ზედმეტი სითხისგან დაწურეთ.

2. ოხრახუში კარგად გარეცხეთ და სამლიტრიან ქილაში ჩააფინეთ. ქილაში ჩადეთ დაფნის ფოთოლი, შემდეგ ყაბაყის რგოლები. მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დააფარეთ და 20 წუთი გააჩერეთ.

3. წყალი ქვაბში გადაასხით. შაქარი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სუფრის ძმარი დაუმატეთ, აურიეთ. 1 წუთი ხარშეთ და ქურიდან გადადეთ.

4. ცხელი ნარევი ყაბაყს ქილაში ჩაასხით. ქილა კარგად მოხუფეთ, გადააბრუნეთ და სამზარეულოში დატოვეთ სრულად გაგრილებამდე. მზადაა.

არომატული ყაბაყის მწნილი

ინგრედიენტები:

  • 1,7 კგ ყაბაყი
  • 2 კბილი ნიორი
  • 15 გ კამა
  • 15 გ ოხრახუში
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 1 პირშუშხას ფოთოლი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 5 მარცვალი შავი წიწაკა
  • 2 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 25 გ შაქარი
  • 15 გ მარილი
  • 15 მლ სუფრის ძმარი

მომზადების წესი:

1. გარეცხილი კამა, ოხრახუში, ალუბლის და პირშუშხას ფოთლები ქილებში გადაანაწილეთ. წიწაკების მარცვლები, შემდეგ დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. გასუფთავებული ნიორი მსხვილად დაჭერით და ქილებში ჩაყარეთ.

2. გარეცხილი ყაბაყი 1,5 სმ სისქის რგოლებად დაჭერით და ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ.

3. 0,5 ლ წყალი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. მდუღარე წყალი ქილებში ჩაასხით. თავსახური დააფარეთ. 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ წყალი ქილიდან ქვაბში ჩაასხით.

4. ახალი პორცია წყალი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ადუღებული წყალი ყაბაყს დაასხით. თავსახური დაახურეთ. 10 წუთის შემდეგ წყალი ისევ ქვაბში ჩაასხით.

5. ყაბაყში ნამყოფი სითხე ქურაზე დადეთ. ადუღების შემდეგ მარილი და შაქარი დაუმატეთ, სუფრის ძმარი ჩაასხით. კარგად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

6. ცხელი ნარევი ყაბაყს დაასხით და მოხუფეთ. ქილა კარგად შეანჯღრიეთ. ასე სანელებლების ნარევი თანაბრად განაწილდება. ქილები გადააბრუნეთ, პირსახოცით შეფუთეთ და გაგრილებას დაელოდეთ. მზადაა!

გირჩევთ, ამ ზაფხულს ყაბაყის დამწნილება ორივე მეთოდით სცადოთ. დრო ჯერ კიდევ გაქვთ. რეცეპტი ზუსტად დაიცავით და იდეალურ მწნილს მიიღებთ.