საუკეთესო დროა, გუაკამოლე მოამზადოთ. კლოპოტენკოს რეცეპტით 15 წუთში მზადაა

305

თუ გსურთ, მიირთვათ რაღაც წვნიანი და ახალი, უკრაინელი შეფმზარეული ევგენი კლოპოტენკო სახლში გუაკამოლეს მომზადებას გირჩევთ. ამ საოცარმა მექსიკურმა სოუსმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთან, პოპულარობა უკვე მოიპოვა. მარტივად მზადდება და მაქსიმალურად სასიამოვნოა. უბრალოდ მწიფე ავოკადო იყიდეთ და ინგრედიენტების იდეალური თანაფარდობა იპოვეთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კლოპოტენკოს რეცეპტს. გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ იდეალური ავოკადო.

შინ მომზადებული გუაკამოლე

მექსიკური სოუსის მომზადებისას მწიფე ავოკადო ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. მის გარეშე გემრიელ სოუსს ვერ მიიღებთ. პირველ რიგში, ავოკადოს სწორად შერჩევა უნდა ისწავლოთ. ახლა მაღაზიებში ფართო ასორტიმენტია, ფასები – ხელმისაწვდომი. მწიფე ნაყოფის არჩევის ერთადერთი მეთოდი შეხებაა.

ავოკადოს ფრთხილად დააჭირეთ. საშუალო სირბილის უნდა იყოს. დაჭერისას თითი შიგნით არ უნდა ჩავიდეს. თუ ასეთი ვერ იპოვეთ, მკვახე ნაყოფი იყიდეთ და ფანჯრის რაფაზე დამწიფება აცადეთ. მაშინვე არ გამოიყენოთ, რადგან საჭირო გემოს და ტექსტურას ვერ მიიღებთ. ავოკადო ავირჩიეთ, დროა მომზადებაზე გადავიდეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ავოკადო
  • საშუალო ზომის წითელი ხახვი
  • ჩილის წიწაკა
  • კბილი ნიორი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ტოტი ქინძი
  • 2 მექსიკური ტორტილი ან ლავაში

მომზადების წესი:

1. ავოკადო შუაზე გაჭერით და კურკა მოაშორეთ. რბილობი ამოიღეთ და დიდ კუბებად დაჭერით. პატარა თასში გადაიტანეთ. თუ გაქვთ, სანაყში მოათავსეთ.

2. დიდი ლიმონის ნახევარი დაწურეთ. თუ ლაიმა გაქვთ, უკეთესია. თუ ლაიმას იყენებთ, მთელი ნაყოფი დაწურეთ. წვენი გვერდზე გადადეთ.

3. ხახვი გაასუფთავეთ და პატარა კუბებად დაჭერით. ნიორი და წიწაკა დააქუცმაცეთ. ცხარე წიწაკის რაოდენობა გემოვნებით აარჩიეთ. თუ ცხარე არ გიყვართ, საერთოდ არ დაუმატოთ.

4. ყველა ინგრედიენტი ავოკადოს დაუმატეთ. ზეთი ჩაასხით, მარილი მოაყარეთ. აქვე წვრილად დაჭრილი ქინძი ჩაყარეთ. თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით დააქუცმაცეთ. სოუსის ტექსტურა მნიშვნელოვანია. ჩანგლით დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. სანაყში დანაყვა საუკეთესო ვარიანტია. ჩვეულებრივ, სოუსი ჩიფს ნაჩოსთან ერთად სუფრაზე გააქვთ, მაგრამ ტორტილი ან ლავაშიც გამოგადგებათ. შემწვარი პურიც შესაფერისია.

სოუსის მომზადებაზე მხოლოდ 15 წუთს დახარჯავთ. მზა სოუსი მაცივარში 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ. მთავარია, პარკი მჭიდროდ გადააკრათ, რომ ჟანგბადთან წვდომა არ დაუშვათ. ახლა შინ მომზადებული პიკანტური წასახემსებლის ახალი და მდიდარი გემოთი შეგიძლიათ ისიამოვნოთ. გემრიელად მიირთვით.