იდეალური სალათია ის, რომელიც ადვილად მზადდება და ყველას მოსწონს. Gastronomia.ge–ს რედაქცია სეზონური წასახემსებლის ასეთ ვარიანტს გთავაზობთ. გადაჭარბების გარეშე, ამ რეცეპტით მომზადებული სალათი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით რაღაც კულინარიული ჯადოქრობაა.
პროდუქტების განსხვავებული კონსისტენციების წყალობით სიამოვნების რეცეპტორებს ააფეთქებთ. გამომცხვარი წიწაკის ბაზა წასახემსებელს ანიჭებს საოცარ სინაზეს და სიტკბოს, ბრინზა და ზეთისხილი – პიკანტურობას. სალათში ცოტა კალორიაა, მაგრამ ფაფასთან, თევზთან ან ხორცთან კომბინაციაში დაგანაყრებთ.
როგორ მოვამზადოთ სალათი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით
ფერადი კერძი გულგრილს არავის დატოვებს. სალათი იდეალური რომ გამოვიდეს, მომზადების რამდენიმე ნიუანსი უნდა იცოდეთ. გამომცხვარმა წიწაკამ გარეგნობა რომ შეინარჩუნოს და წვნიანობა არ დაკარგოს, ზეთი აუცილებლად მოასხით. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ნამზადი გადაიტანეთ და ღუმელში 35 წუთი აცხვეთ. ტემპერატურა – 180 გრადუსი.
ინგრედიენტები:
- 3 ბულგარული წიწაკა
- 1 მწვანე ხახვი
- 100 გ ბრინზა
- მარილი გემოვნებით
- 2 კბილი ნიორი
- 80 გ ზეთისხილი
- 20 მლ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ ბალზამირებული ძმარი
მომზადების წესი:
1. გამომცხვარ ტკბილ წიწაკას ქერქი, თესლი და ძარღვები მოაშორეთ. ზოლებად ან საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
2. ნივრის კბილები ცოტა მარილთან ერთად ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი დაუმატეთ. ძმარი და ზეითუნის ზეთი მოასხით და აურიეთ. სურვილისამებრ, ცოტა სოიოს სოუსი და პაპრიკა დაუმატეთ.
3. წიწაკას ზეთისხილი და კუბებად დაჭრილი ბრინზა (ფეტა) დაუმატეთ.
4. ყველა ინგრედიენტს საკაზმთან ერთად ფრთხილად აურიეთ, რომ ყველი არ დაიფშვნეს.
5. ბოლოს სალათი წვრილად დაჭრილი კამით და ოხრახუშით გააფორმეთ. მზადაა!
წვნიანი სალათი გამომცხვარი წიწაკით განწყობას წლის ნებისმიერ სეზონზე აგიმაღლებთ. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა გამოიყენეთ, რომ წასახემსებელს მეტი ფერები შემატოთ.