პარმიჯიანა ბადრიჯნით და ბევრი ყველით: იტალიური რეცეპტი

467

პარმიჯიანა იტალიური კერძია, რომელიც ბადრიჯნით, არომატული პომიდვრის სოუსით და ბევრი ყველით მზადდება. თუ ბადრიჯანი არ გიყვართ, ეს გემრიელობა აზრს შეგიცვლით. პარმიჯიანა ბადრიჯნით საოცარ არომატს აფრქვევს, რომელიც გასინჯვას გაიძულებთ. ხოლო ერთ ლუკმაზე გაჩერებას ვერ შეძლებთ.

თუ კალორიული კერძები არ გიყვართ, Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ იტალიური კერძი ბადრიჯნის წინასწარი შეწვის გარეშე მოამზადოთ. მთავარი ინგრედიენტი გამოაცხვეთ და შემდეგ კერძს დაუმატეთ. შედეგად სხეულის ფორმისთვის ნაკლებად საზიანო გამოვა, მაგრამ გემრიელი დარჩება.

იტალიური კერძი: როგორ მოვამზადოთ სოუსი

ბოსტნეულის და ყველის ფენებს პომიდვრის სოუსი უნდა წაუსვათ. მის მომზადებას პომიდვრის, რეჰანისა და ნივრის შერევით შეძლებთ. მზა სოუსი შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. თავად გადაწყვიტეთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ბადრიჯანი
  • 150 გ მოცარელა
  • რეჰანი გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • 6 პომიდორი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 15 გ პარმეზანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. გაამშრალეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ, ერთმანეთზე დააწყვეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

2. წვენი გადაწურეთ, ბოსტნეული მსუბუქად გაწურეთ და გისოსზე დააწყვეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

3. პომიდორი გარეცხეთ. 4 პომიდორი კუბებად დაჭერით და ტაფაზე დააწყვეთ. ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ნიორი დაჭყლიტეთ. პომიდორს დაუმატეთ. მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და პომიდორი კიდევ 15 წუთით ჩაშუშეთ. რეჰანის ფოთლები დაჭერით და ტაფას დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. დარჩენილი პომიდორი რგოლებად დაჭერით, მოცარელა – პატარა ნაჭრებად. პარმეზანი წვრილად გახეხეთ.

6. საცხობ ფორმას ცოტა პომიდვრის სოუსი წაუსვით და თანაბრად გაანაწილეთ. ამის შემდეგ ბადრიჯნის ფენა დააწყვეთ.

7. ზემოდან პომიდვრის დაჭრილი რგოლები დააწყვეთ. ცოტა პარმეზანი მოაყარეთ. დარჩენილი პომიდვრის სოუსი დაუმატეთ და კოვზით ან სპატულით თანაბრად გაანაწილეთ.

8. დარჩენილი პარმეზანი მთლიანად მოაყარეთ და თანაბრად გაანაწილეთ. პომიდვრის რგოლები დააწყვეთ. ზემოდან მოცარელას ნაჭრები დაუმატეთ.

9. 180 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ.

იტალიური კერძი როგორც ცხელი, ასევე ცივი ძალიან გემრიელია. სანამ ბოსტნეულის სეზონი დასრულდება, ბადრიჯანი ამ მეთოდით გამოაცხვეთ.