ორიგინალური კატლეტი უკრაინული რეცეპტით, რომელიც კულინარიულ წიგნში უნდა გქონდეთ

544

ჩვენთან ფარშიდან კერძის სწრაფად მომზადება უყვართ. ხინკალი, გუფთა, კატლეტი. ზოგჯერ ეს მოსაბეზრებელია. ხანდახან მენიუს გამრავალფეროვნება და ორიგინალური კერძის მომზადება გვსურს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ მოამზადოთ მაზურიკები, უკრაინული სამზარეულოს კერძი. გემრიელი, არომატული და მსუბუქი.

მაზურიკები ხორციანი კერძების მოყვარულების ფავორიტია. ნოყიერი კერძი ნაცნობი კატლეტის შემდეგ გემოს კარგად აახლებს. სწრაფად მოსამზადებელი კერძია. ფრინველის ხორცით მზადდება, ამიტომ გასუქების არ შეგეშინდეთ. მთავარია, ბევრი არ შეჭამოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფრინველის ხორცი
  • 2 კვერცხი
  • 40 გ კარაქი
  • 40 გ ხმელი ყველი
  • 1 ს/კ რძე
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • 1 ჩ/კ ხმელი ხახვი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. მაზურიკები ინდაურის ფარშით მზადდება, მაგრამ ქათმის ხორცითაც შეგიძლიათ მოამზადოთ. ხორცი ნაზი უნდა იყოს, ამიტომ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გაატარეთ. მაღაზიის ფარშიც კარგად დაქუცმაცებულია. ხორცი საკმაოდ დიეტურია, ამიტომ სხვა ინგრედიენტებით შეავსეთ.

2. გატარებულ ხორცს დაუმატეთ 2 კვერცხი, გამდნარი კარაქი, რძე, მარილი, წიწაკა და სანელებლები. აღსანიშნავია, რომ კლასიკურ რეცეპტში ხახვი და ნიორი არაა, მაგრამ ასე უფრო გემრიელი გამოდის და სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ, მაგრამ აუცილებელი არაა. კოვზი რძე და გახეხილი ყველი დაუმატეთ. ასე მკვრივი გამოვა.

3. ცივ წყალში ხელები დაისველეთ და მიღებული მასიდან მსხვილი კატლეტის ზომის ძეხვები გააკეთეთ. ფოლგადაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და მაცივარში 30 წუთი შეინახეთ.

4. ტაფაზე ზეთი დაასხით და გააცხელეთ. ზეთი მაზურიკებს შუა ნაწილამდე უნდა წვდებოდეს. ცივი მაზურიკები მაცივრიდან გამოიღეთ, საფანელში ამოავლეთ და ზეთში ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ერთხელ გადაბრუნება საკმარისია.

ცხელი მაზურიკები ქაღალდზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. შეგრილებული მაზურიკები სუფრაზე გაიტანეთ. ცივიც გემრიელია. ქათმის და ინდაურის ხორცი დიეტურია, ამიტომ მაზურიკში ბევრი ცხიმი არაა.

გასაფორმებლად გამოიყენეთ სალათის ფოთლები და დაჭრილი პომიდორი. წვნიანი ბოსტნეული კერძს აქცენტს და გემოს შემატებს. ცხარე წითელი სოუსი იდეალურად უხდება. გარნირად ახალი სალათები ან კარტოფილის პიურე მოამზადეთ. გემრიელად მიირთვით.