ნაზი ტორტი ახალი გარგარით „მზიანი ქარბუქი“

24

ლამაზი და გემრიელი გარგარის სეზონი დაიწყო. დროა, ოჯახის წევრები შინაურული რეცეპტით გაანებივროთ. სეზონი სწრაფად გადის, მზიანი ზაფხულის საჩუქრებით სიამოვნების მიღება უნდა მოასწროთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გარგარის ტორტის „მზიანი ქარბუქი“ რეცეპტს. ნაზი და ჰაეროვანი გემოთი თავბრუს დაგახვევთ! დეტალურ ინსტრუქციას სიამოვნებით გიზიარებთ.

გარგარის ტორტი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 50 გ ფქვილი
  • 40 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 გ გარგარი
  • 300 მლ ნაღები (30%)
  • 300 გ ხაჭო
  • 180 გ შაქარი
  • 70 მლ არაჟანი
  • 30 გ ჟელატინი
  • 10 გ ვანილი

მომზადების წესი:

1. ბისკვიტის მომზადება დაიწყეთ. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ცილები ათქვიფეთ, მწიკვი მარილი დაუმატეთ. როცა ცილები ოდნავ აითქვიფება, თანდათან შაქარი დაუმატეთ. მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. თითო–თითო კვერცხის გული დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ნარევს გაცრილი ფქვილი რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ. ჰაეროვანი ცომი უნდა მიიღოთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

2. ბისკვიტს გაგრილება აცადეთ. ზედა ქერქი მოაშორეთ. მზა ბისკვიტს ზუსტად 1 სმ წრეზე მოაჭერით. მოჭრილი ბისკვიტი იმავე დიამეტრის ფორმაში მოათავსეთ, რომელშიც გამოაცხვეთ. გვერდებზე პარკი ჩააფინეთ. თავად ბისკვიტი შეგიძლიათ შაქრის სიროფში გაჟღინთოთ.

3. კრემი მოამზადეთ. ჟელატინი წყალში გახსენით და გასასივებლად გააჩერეთ. ამ დროში გარგარი გარეცხეთ, კურკები და ქერქი მოაშორეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ცალკე ხაჭო, შაქარი და არაჟანი დააბლენდერეთ.

4. ცალკე თასში ცივი ნაღები კარგად ათქვიფეთ. თანდათან შაქარი და ვანილი დაუმატეთ. როცა ნაღები გასქელდება, ათქვეფა შეწყვიტეთ. ხაჭოს მასა დაუმატეთ და ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ.

5. ჟელატინი გააცხელეთ. ნახევარი გარგარის პიურეს დაუმატეთ. მეორე ნახევარი ნაღების კრემს. ერთმანეთს კარგად აურიეთ. ნაღების კრემი ბისკვიტის მზა ფენას მოასხით, ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან გარგარის პიურე ფრთხილად მოასხით. სანამ გამაგრდება, ტორტზე ჩანგლით რაიმე ფორმები შეგიძლიათ დახატოთ, ძალიან ლამაზი გამოვა. ტორტი მინიმუმ 3-4 საათით (მთელი ღამით უმჯობესია) მაცივარში შეინახეთ.

ახალი გარგარის ნაცვლად შეგიძლიათ დაკონსერვებული გამოიყენოთ. ტორტი ძალიან ნაზი და არომატული გამოდის. საზაფხულოდ შესანიშნავი დესერტია. აუცილებლად სცადეთ, იმედი არ გაგიცრუვდებათ!