მწვანე ლობიოს ვამწნილებ ზამთრისთვის. სასარგებლო და გემრიელი წასახემსებელია

3659

მწვანე ლობიო ძალიან სასარგებლო პარკოსანი მცენარეა, რომელიც ცოტა კალორიას, მაგრამ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. პირველ რიგში, ესაა A, B, C, E ვიტამინები, ასევე მაგნიუმი, თუთია, კალიუმი და ფოლიუმის მჟავა, ყველაფერი, რაც ადამიანის ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

მწვანე გემრიელობა ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, მარილის ცვლას აწესრიგებს, გულის მუშაობას აადვილებს და სისხლში გლუკოზის დონის ამცირებს. ნამდვილი ოქროა! მწვანე ლობიოს სეზონი საკმაოდ მოკლეა, ამიტომ Gastronomia.ge–ს რედაქცია ზამთრისთვის მომარაგებას გირჩევთ. მწვანე ლობიოს მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება, ანუ დროს და ენერგიას დაზოგავთ.

მწვანე ლობიოს მწნილი ზამთრისთვის: მომზადების ნიუანსები

ალბათ მწვანე ლობიოს მწნილის მომზადების ერთ–ერთი უმარტივესი რეცეპტია. ლობიო ჯერ უნდა მოხარშოთ, შემდეგ ცხელი მარინადი დაასხათ. თუ ახალი ლობიოს ყიდვა არ გსურთ, რადგან საყინულეში შარშან ნაყიდი ლობიო გაქვთ, არაფერია! გაყინული პროდუქტიც შეგიძლიათ დაამწნილოთ. ქვემოთ მოცემული ინგრედიენტების რაოდენობა ორ 0,5 ლიტრიან ქილაზე გათვლილია.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მწვანე ლობიო
  • 4 ბაჰარის წიწაკა
  • 4 მიხაკი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 50 მლ ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

1. მწვანე ლობიოს კუდები მოაჭერით, 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად დაჭერით და მდუღარე წყალში 5 წუთი ხარშეთ. ლობიო საწურზე გადაიტანეთ, რომ სითხისგან დაიწუროს. შემდეგ სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ.

2. თითოეულ ქილაში თითო დაქუცმაცებული ნივრის კბილი, 2 მარცვალი ბაჰარის წიწაკა, 2 ტოტი ოხრახუში და 2 მიხაკი ჩადეთ.

3. მარინადი მოამზადეთ. შაქარი და მარილი წყალში გახსენით. მარინადი ადუღებამდე მიიყვანეთ და ძმარი ჩაასხით.

4. ცხელი მარინადი ქილებში ჩაასხით და სტერილური თავსახურებით მოხუფეთ. ქილები თბილად შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

ასეთი კონსერვი დამოუკიდებლად შეგიძლიათ მიირთვათ ან სხვა ბოსტნეული ან მწნილი დაუმატოთ. მწვანე ლობიოს მწნილს იდეალურად ეთავსება როგორც ხორცი, ასევე თევზი. უნივერსალური, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია. სცადეთ!