კონსერვებს ზამთრისთვის უმარილოდ ვხუფავ. ძმარი, მდოგვი ან ლიმონმჟავაც კონსერვანტებია

370

ჩვეულებრივ, დიასახლისები ზამთრისთვის ბოსტნეულის შესანახად მარილს იყენებენ. აღმოჩნდა, რომ სანელებელი ერთადერთი კონსერვანტი არაა, რომლის დახმარებით ბოსტნეულის კონსერვები შეგიძლიათ მოამზადოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის ალტერნატივად. ასევე გიზიარებთ კონსერვების რეცეპტებს, რომლებიც გრამი მარილის გარეშე მზადდება.

ძმარი, მდოგვი, ლიმონმჟავა და თაფლიც ისეთივე კონსერვანტია, როგორც მარილი. ამ ინგრედიენტებს ბაქტერიების გავრცელების შეფერხება შეუძლიათ. თითოეულის არჩევა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ფიტონციდების და ტანინების შემცველობის წყალობით მოცხარის, ყურძნის, პირშუშხას და ალუბლის ფოთლები ბოსტნეულს დაზიანებისგან იცავს.

კიტრის კონსერვი მდოგვით

კიტრის შემთხვევაში ბევრი სახის კონსერვანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, შაქარი, ძმარი, მდოგვი, სხვადასხვა სანელებელი. თქვენი გემოვნებით აარჩიეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ პატარა კიტრი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1,5 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 2-4 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ქილები გაასტერილეთ. ქილების ძირში კამის ქოლგები ჩააფინეთ.
  2. ნიორი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ.
  3. კიტრი გადაარჩიეთ და ქილებში გადაანაწილეთ.
  4. ცხელი წყალი დაასხით, თავსახური დააფარეთ. 10 წუთით გააჩერეთ.
  5. მარილწყალი ქვაბში გადაასხით, აადუღეთ, შემდეგ შაქარი და ძმარი დაუმატეთ.
  6. ცხელი მარინადი ისევ ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.
  7. ქილები გადააბრუნეთ, კარგად შეფუთეთ და გაგრილებას დაელოდეთ.
  8. ცივი კონსერვები გრილ ადგილას შეინახეთ.

პომიდორი საკუთარ წვენში

პომიდორი მარილის გარეშეც კარგად ინახება. მასში ბევრი ბუნებრივი მჟავა შედის. ნებისმიერ შემთხვევაში, სტერილიზაცია აუცილებელია.

ინგრედიენტები:

  • მწიფე პომიდვრები
  • რამდენიმე კამის ქოლგა
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 2-3 შავი წიწაკის მარცვალი

მომზადების წესი:

  1. პომიდვრები 2-4 ნაწილად გაყავით. სტერილურ ქილებში ჩააწყვეთ. ნიორი, წიწაკა და კამა დაუმატეთ. სხვათა შორის, ქილები მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ გაასტერილოთ.
  2. პომიდვრები ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ, მაგრამ არ დააზიანოთ. ყველა ნაყოფი წყლით დაფარეთ. 1 ლ ქილაში 600-650 გ პომიდორი ჩაეტევა.
  3. ქილების თავსახურები ქვაბში ჩადეთ, წყალი დაასხით და 10 წუთით გამოხარშეთ.
  4. სუფთა წყალი აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ. 1 ლ ქილაზე 500 მლ წყალი დაგჭირდებათ. ქილებს წყალი დაასხით, ყელამდე უნდა წვდებოდეს.
  5. თავსახური დაახურეთ და ფართო ქვაბში ჩადეთ. ქვაბის ძირში სალფეთქი დააფინეთ და თბილი წყლით გაავსეთ. ცხელი წყლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ქილები შეიძლება გასკდეს. ცეცხლზე დადგით.
  6. 0,5 ლიტრიანი ქილები წყლის ადუღებიდან 12 წუთით გაასტერილეთ, ხოლო 1 ლიტრიანი – 17 წუთით.
  7. ამის შემდეგ ქვაბიდან მაშით ამოიღეთ. ჰერმენტულად მოხუფეთ. გადააბრუნეთ, შეფუთეთ. 1 დღეში კონსერვი შეამოწმეთ. ამის შემდეგ საკუჭნაოში შეინახეთ.

რედაქციის რჩევა

ბოსტნეულის კონსერვებში სუფრის ძმარს ხშირად იყენებენ, რადგან კარგი კონსერვანტია. და მაინც, ბევრ ადამიანს ძმარი არ უხდება. სწორედ ამიტომ, მის ნაცვლად ნებისმიერი სხვა კონსერვანტის გამოყენებას გირჩევთ.