კარტოფილი “დოფინუა” – საფრანგეთის სამეფო ოჯახის საყვარელი კერძი, რომელიც პირში დნება

1370

Pommes de Terre Dauphinoise, იგივე კარტოფილი “დოფინუა”. ამ უგემრიელესი კერძის სახელწოდება სათავეს საფრანგეთის ისტორიული ოლქიდან, დოფინედან იღებს, რომელიც სამეფო მემკვიდრეებს, დოფინებს ეკუთვნოდათ. თავის სამშობლოში ეს კერძი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ვხვდებით როგორც ელიტური რესტორნების მენიუში, ასევე სწრაფი კვების ობიექტებშიც.

გირჩევთ, თავად მოამზადოთ კარტოფილი “დოფინუა”, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი გენიალური – მარტივია… ეს უგემრიელესი კერძი ოჯახის ყველა წევრზე და ყველა სტუმარზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

კარტოფილი “დოფინუა”

ინგრედიენტები:

  • 5 ს.კ. კარაქი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 500 მლ ნაღები (10%-იანი)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი

მომზადება:

1. კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ კანისგან კარტოფილი. დაჭერით ის თხელ რგოლებად, რომელთა სისქე 3 მილიმეტრს არ აღემატება, რათა მომზადებული კარტოფილი იმდენად ნაზი იყოს, რომ პირში მოხვედრისას პირდაპირ დნებოდეს. მართალია, კარტოფილის თხელ რგოლებად დაჭრა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა, მერწმუნეთ, წვალება შედეგად ნამდვილად ღირს.

2. საცხობ ფორმას კარგად შეაზილეთ კარაქი და მის ფსკერზე თანაბრად გაანაწილეთ დასრესილი ნიორი.

3. განათავსეთ ზემოდან კარტოფილის თხელი ნაჭრები თევზის ფარფლის მსგავსად. კარტოფილის პირველ ფენას მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი და ერთი მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი. მოასხით მცირეოდენი ნაღები.

4. განაგრძეთ კარტოფილის ფენებად დალაგება. თითოეულ ფენას აუცილებლად მოაყარეთ მარილი და პილპილი. ნაღები გაანაწილეთ ისე, რომ უკანასკნელი ფენისთვის ის ყველაზე დიდი რაოდენობით მოგრჩეთ.

5. უკანასკნელ ფენაზე განათავსეთ მორჩენილი კარაქი.

6. საცხობ ფორმას დააფარეთ ფოლგა და შედგით 180 გრადუსამდე ღუმელში გამოსაცხობად 30-40 წუთით.

7. ამ დროის გასვლის შემდეგ მოხსენით კერძს ფოლგა და განაგრძეთ მისი გამოცხობა კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში, რათა კარტოფილის უკანასკნელი ფენა კარგად დაიბრაწოს. უგემრიელესი კარტოფილი “დოფინუა” მზად არის!

ფრანგული სამეფო ოჯახის საყვარელი ეს კერძი მართლაც რომ ძალიან გემრიელი, არომატული და მადისაღმძვრელია. გაუმასპინძლდით ამ კერძით ოჯახის წევრებს და პირობას გაძლევთ, ყველა კმაყოფილი დარჩება. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!