იდეალური ყაყაჩოს ბისკვიტის და ტკბილი ატმის კრემის ზღაპრული ტანდემი. სადღესასწაულო დესერტი

303

ტკბილი ყაყაჩოს ბისკვიტი მეგობრებთან ერთად საკვირაო შეკრებას იდეალურად შეავსებს. ცივი ჩაი და ასეთი დესერტის ნაჭერი განწყობას ამაღლებს და სასიამოვნო შთაბეჭდილებას დიდხანს ტოვებს. დესერტი მარტივად მზადდება, თან გემრიელი და სასარგებლოა. მასში ბევრი სეზონური ხილი შედის. ყველაზე საყვარელი ხილი შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ყაყაჩოს ბისკვიტი

დესერტი კარგია იმით, რომ ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ხილის შიგთავსზე დროის დახარჯვა აუცილებელი არაა. ამით ყაყაჩოს დესერტის გემო არ გაუარესდება. უბრალოდ ტორტს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ისიამოვნეთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 250 გ ფქვილი
  • 300 მლ რძე
  • 200 გ შაქარი
  • 150 გ ყაყაჩო
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 10 გ ვანილი
  • 250 გ ატამი
  • 200 გ ალუბალი
  • 150 გ შოკოლადის მარცვლები
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი
  • 300 გ ატამი
  • 80 გ ვანილის პუდინგი
  • 50 გ შაქარი
  • 50 გ კარაქი
  • ჟელატინი
  • ვანილი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, მოამზადეთ ხილი, რომელსაც ბისკვიტში გამოიყენებთ. ატამი და ალუბალი ნებისმიერი სხვა ხილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მაგალითად, კარგი ვარიანტია ჟოლო, მარწყვი, ვაშლატამა, გარგარი. ხილი კარგად გარეცხეთ, კურკები მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ცოტა სახამებელი დაუმატეთ და აურიეთ.

2. ცომი მოამზადეთ. ინგრედიენტების რაოდენობა 25×30 სმ ან 20×35 სმ საცხობ ფორმაზე გათვლილია. ღრმა თასში კვერცხი ათქვიფეთ, მარილი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. აფუებამდე ათქვიფეთ. თანდათან ფქვილი, გამაფხვიერებელი და ყაყაჩო დაუმატეთ. რძე და მცენარეული ზეთი არ დაგავიწყდეთ. კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3. ერთგვაროვანი ცომის ნახევარი საცხობ ფორმაში ჩაასხით. ამ მომენტში ხილის ნაჭრები დაუმატეთ. ატამი და ალუბალი ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ. დარჩენილი ცომი დაასხით და ღუმელში შედგით. სურვილის შემთხვევაში, შოკოლადის მარცვლები დაუმატეთ, ასე ნამდვილად უფრო გემრიელია. 180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.

4. სანამ ყაყაჩოს ბისკვიტი ცხვება, კრემი მოამზადეთ. ატამი პატარა ნაჭრებად დაჭერით, შაქარი დაუმატეთ და ცეცხლზე დადგით. როგორც კი გამოცხვება, ქურიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ამის შემდეგ დააბლენდერეთ ან საწურში გახეხეთ.

5. პუდინგს წყალი დაასხით და კარგად აურიეთ. გაზავებულ პუდინგს გახეხილი ატმის მასა დაუმატეთ და კვლავ ქურაზე სუსტ ცეცხლზე დადგით. თანდათან კარაქი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. კრემი გასქელებამდე ხარშეთ. ჟელატინი ცალკე გახსენით და კრემს დაუმატეთ, როცა ოდნავ გაგრილდება.

მზა ყაყაჩოს ბისკვიტი გააგრილეთ, ჯერ კიდევ თბილი ბისკვიტი შეგიძლიათ გააფორმოთ. კრემი ბისკვიტს ზემოდან ფრთხილად წაუსვით და რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ. სურვილის შემთხვევაში, ტორტი ზემოდან შაქრის ფხვნილით ან შოკოლადის ნაფშვენით მორთეთ.

ნაზი ყაყაჩოს ბისკვიტი ხილის კრემით

სახლში მომზადებული ყაყაჩოს დესერტი მზადაა. წარმოიდგინეთ, როგორი გემრიელი იქნება ბისკვიტი, როცა მაცივარში საკმარისად გააჩერებთ. კრემი სრულად გამაგრდება, ცომი ხილის წვენით გაიჟღინთება. საოცრად ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტია. სადღესასწაულო სუფრაზეც შეგიძლიათ გაიტანოთ ან საზაფხულოდ დაბადების დღისთვის მოამზადოთ. ცივი ყაყაჩოს ბისკვიტი ცხელ ზაფხულში იდეალურია.