იდეალური ოლადები: როდის დავუმატოთ კვერცხი, რომ ზეთი არ შეიწოვოს

505

ალბათ, ოლადები საუზმეზე ყველას უყვარს. ერთი შეხედვით მარტივი კერძია, რომელსაც მხოლოდ ფქვილი, კეფირი და კვერცხი სჭირდება. საქმე იმაშია, რომ ჰაეროვანი და ფაფუკი ოლადები ყველას არ გამოსდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი უნდა იყოს ოლადების ცომი, რომ მისი გემო და ტექსტურა იდეალური გამოვიდეს.

ოლადების ცომი

1. ფქვილი. ლამაზი ფაფუკი ცომი რომ მიიღოთ, ფქვილი უნდა გაცრათ. ასე ფქვილს ჟანგბადით გაამდიდრებთ, კერძს უფრო ჰაეროვანს გახდით. აღსანიშნავია, რომ თუ ხორბლის ფქვილის ნაცვლად წიწიბურის ან შვრიის ოლადებს მოამზადებთ, ნაკლებად ფაფუკი გამოვა. თუმცა ეს გემოზე არ აისახება.

2. გაფხვიერება. თუ ოლადებს კეფირით ამზადებთ, სოდა გამოიყენეთ. აქაც მთელი რიგი წესებია. პირველ რიგში, სოდა ძმარში არ უნდა ჩააქროთ. მეორეც, პირდაპირ ცომს არ დაუმატოთ. ასე არა ნაზ, არამედ წებოვან საღეჭ რეზინას მიიღებთ. თუ ბებიის მსგავსი ფუმფულა ოლადების გამოცხობა გსურთ, სოდა ფქვილს აურიეთ და შემდეგ საცერში გაცერით. ამის შემდეგ ცომს დაუმატეთ.

3. შაქარი. ბევრი შაქარი ოლადების ცომის ვარდნას იწვევს. ზომიერად დაატკბეთ. გირჩევთ, რომ მზა კერძს თაფლი ან სიროფი მოასხათ. უტკბილო ოლადები ბუტერბროდად შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ხაჭოს ან კარაქს გადაუსვამთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაიმახსოვრეთ: რაც უფრო ნაკლები შაქარია ცომში, მით უფრო ფაფუკი ოლადები გამოვა.

4. ტემპერატურა. ბუშტებით სავსე ჰაეროვანი ცომი რომ მიიღოთ, კეფირი და კვერცხი თბილი უნდა იყოს. კეფირი მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ გააცხელოთ. კვერცხთან ასე არ მოიქცეთ. კვერცხი წყლის ორთქლზე მსუბუქად შეგიძლიათ შეათბოთ.

5. ინგრედიენტების დამატების თანმიმდევრობა. ხშირად დიასახლისები ინგრედიენტების დამატების რიგითობას ყურადღებას არ აქცევენ. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, იდეალურ ოლადებს ვერ მიიღებთ. პირველ რიგში, შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი და სოდა. ერთგვაროვან მასას ცალკე ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ. დანარჩენი ინგრედიენტები თასში სოდის, ფქვილის და კვერცხის შემდეგ უნდა მოხვდეს. საუბარია კეფირზე, მარილსა და შაქარზე გემოვნებით.

6. დრო. ცომის მომზადების შემდეგ შეწვა არ იჩქაროთ. ცომი ცოტა ხნით გააჩერეთ, 15-30 წუთი საკმარისია. ცომში კოვზი ან სხვა სამზარეულოს ხელსაწყო არ ჩატოვოთ.

7. ოლადების შეწვა. შეწვამდე ოლადების ცომს არ აურიოთ, ეს უაზროა. მხოლოდ მთელ სიფაფუკეს დაკარგავთ. ბოლოს: ოლადები საშუალო ცეცხლზე თავსახურ დახურულ ტაფაზე შეწვით. როგორც კი, ბუშტებს შეამჩნევთ, მაშინვე გადააბრუნეთ!

გემრიელად მიირთვით!