ვაშლის საფუარზე მომზადებული კულიჩი ჩვეულებრივ საფუარზე უკეთ ამოდის! ზუსტი რეცეპტი

990

თუ სადღესასწაულო დღეებში სახლში გამომცხვარი კერძებით ოჯახის წევრების განებივრება გსურთ, ყურადღება ამ რეცეპტს მიაქციეთ.

ის უჩვეულოა იმით, რომ შემადგენლობაში პურის საცხობი საფუარი არ შედის, რომელიც ყველას არ უხდება. კულიჩის ცომის მოსაზელად საფუარის გამოყენებას გირჩევთ, მაგრამ არა ჩვეულებრივს, არამედ ვაშლის. დაინტრიგებული ხართ? წაკითხვა გააგრძელეთ.

კულიჩები ვაშლის საფუარით

კულიჩები ვაშლის საფუარით ისეთივე ჰაეროვანი და ფუმფულა გამოდის, როგორც ჩვეულებრივი ცომის საფუარით. ნაწარმი კარგად ცხვება, დიდხანს არ ფუჭდება და გარეგნულად ლამაზად გამოიყურება. ამასთან გემო უჩვეულოდ მდიდარია  და სპეციფიკური საფუარის შეფერილობა არ აქვს.

ცომის ინგრედიენტები ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს – ოთახის ტემპერატურა. კარაქი და კვერცხი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ.


აფუებული ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე 3,2%-იანი ცხიმიანობით
  • 1 ჭიქა ვაშლის საფუარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 500 გრ ფქვილი

ძირითადი ცომის ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ფქვილი
  • 8 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 200 გრ კარაქი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 900 გრ შაქარი
  • ქიშმიში, ცუკატები გემოვნებით

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხის ცილა
  • 500 გრ შაქრის ფხვნილი
  • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადება:

1. მომზადების დაწყებამდე 2 საათით ადრე მაცივრიდან ვაშლის საფუარი გამოიღეთ, რომ გააქტიურდეს. თბილი რძე და ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ. ოთახის ტემპერატურაზე ღამით გააჩერეთ.


2. მეორე დღეს დილით კარაქი ჩვეულებრივ და ვანილის შაქართან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე ათქვიფეთ.

3. აფუებულ ცომს კარაქის ნარევი დაუმატეთ და აურიეთ. მორიგეობით კვერცხის გული და ცილა დაუმატეთ. ცუკატები და ქიშმიში გარეცხეთ და ფქვილში ამოავლეთ. ცომს ფქვილი, ცუკატები, მარილი დაუმატეთ და მოზილეთ.

4. სითბოში 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ ჩაზილეთ და ცხიმწასმულ ფორმებში გადაანაწილეთ. სითბოში კიდევ რამდენიმე საათით (4-6 საათი შენობის ტემპერატურის გათვალისწინებით) გააჩერეთ – კულიჩები ზომაში 3-ჯერ უნდა გაიზარდოს.

5. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ღუმლის ქვედა ნაწილზე ცხელი წყლით სავსე ფორმა დადეთ. კულიჩები შუა რიგზე 35-40 წუთით აცხვეთ.

6. ჭიქურის ინგრედიენტები ათქვიფეთ და გაგრილების შემდეგ კულიჩებს წაუსვით.

ვაშლის საფუარი საცხობად

ვაშლის საფუარი ჩვეულებრივი ცომის საფუარის ჯანსაღი ალტერნატივაა. მისი გამოყენება ნებისმიერი პურ-ცომეულის ცხობის დროს შეგიძლიათ. ასე გამომცხვარი პროდუქტები უჩვეულოდ ფუმფულა და ბევრი ნახვრეტებით გამოვა.

საფუარის მოსამზადებლად სჯობს საკუთარი აგარაკის ვაშლი ან ბაზარზე შეძენილი გამოიყენოთ, ოღონდ დარწმუნდით, რომ ვაშლი არაფრით დამუშავებული არაა. მაღაზიაში შეძენილი ვაშლი საფუარის მოსამზადებლად არ გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის ვაშლი
  • 1 ჩ/კ ქიშმიში
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • მდუღარე წყალი
  • ხორბლის ან ჭვავის ფქვილი

მომზადება:

1. ვაშლი არ გარეცხოთ და ქერქი არ მოაშოროთ. მცირე კუბებად დაჭერით და სუფთა ლიტრიან ქილაში მოათავსეთ. ქიშმიში და თაფლი დაუმატეთ, იმდენი მდუღარე წყალი დაუმატეთ, რომ ვაშლი ბოლომდე დაიფაროს, აურიეთ.

2. ქილას თავსახური ან მარლა დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე 5 დღით გააჩერეთ. ყოველდღე შემადგენლობას აურიეთ.

3. ვაშლის წყალი გადაწურეთ, ვაშლი კარგად გაწურეთ და გადააგდეთ. წყალს ფქვილი (100 გრ ფქვილი 100 მლ წყალზე) დაუმატეთ. სქელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამე გააჩერეთ. თასს ცელოფანი გადააფარეთ.

4. ბურახი მცირე ზომის თასში გადაიტანეთ, ცოტა ფქვილი მოაყარეთ, 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, სანამ მასა ზომაში ორჯერ არ გაიზრდება. ცელოფანი გადააფარეთ და მაცივარში 2 დღე შეინახეთ.


5. ამის შემდეგ ვაშლის საფუარი შეგიძლიათ პურის და ცომეულის საცხობად გამოიყენოთ.


მზა საფუარი მაცივარში შეგიძლიათ 1 თვე შეინახოთ იმ პირობით, რომ კვირაში ერთხელ გამოკვებავთ. ცომის მოზელვამდე 1-2 საათით ადრე ვაშლის საფუარი მაცივრიდან გამოიღეთ, გამოკვებეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.