ღორის ქონი ნაზი, ტყავი რბილი, გემო კი შეუდარებელი გამოვა. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობს რეცეპტს, რომლითაც მომზადებული ღორის ქონი შეგიძლიათ ქილაში ზამთრისთვის შეინახოთ ან იმწამსვე მიირთვათ. სწრაფი და გემრიელი რეცეპტი!
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის გულმკერდი
- 1 ლ წყალი
- 1 თავი ნიორი
- 5 დაფნის ფოთოლი
- 4 ს/კ მარილი
- დაფქული შავი წიწაკა და წიწაკის მარცვლები გემოვნებით
- დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- თითო კილოგრამ ღორის ქონზე 1 ლ წყალი გამოიყენეთ.
- წყალი ცეცხლზე დადგით, სანელებლები და მარილი დაუმატეთ.
- ღორის ქონი გარეცხეთ და ტყავიდან ნადები აფხიკეთ.
- მზა ღორის ქონი პატარა ნაჭრებად დაჭერით. როცა მარილი წყალში გაიხსნება, ღორის ქონის ნაჭრები მარილწყალს დაუმატეთ.
- თავსახური დაახურეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი, მარილწყალი ადუღდება, ნაქაფი მოაშორეთ, ცეცხლს დაუწიეთ და ზუსტად 5 წუთით ხარშეთ.
- როცა ღორის ქონი მოიხარშება, პირდაპირ ქვაბში ნიორი ჩაჭყლიტეთ. თავსახური დაახურეთ და ცივ ადგილას 12 საათით გაიტანეთ.
- ასეთი ღორის ქონი შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ ან საღამოს მიირთვათ.
- მზა ღორის ქონს სურვილისამებრ პაპრიკა, შავი წიწაკა და ხმელი მწვანილები მოაყარეთ.