თანამედროვე საქმიან დიასახლისს საკმარისი დრო და სურვილი არ აქვს, რომ სამზარეულოში მთელი დღე კერძების მომზადებაში გაატაროს. უმეტესობა მათგანი მრავალეტაპიან რეცეპტებს გვერდს უვლის. სწორედ ამიტომ, Gastronomia.ge–ს რედაქცია მარტივი კერძის რეცეპტს გიზიარებთ. წიწიბურას წვნიანი კარტოფილით ასეთია. მარტივი ინგრედიენტებით გემრიელ წვნიანს უმოკლეს დროში მოამზადებთ. ოჯახის წევრები კმაყოფილები დარჩებიან.
ინგრედიენტები:
- 3 ლ წყალი
- 1 ჭიქა წიწიბურა
- 3 კარტოფილი
- სტაფილო
- ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. წყლის ადუღებით დაიწყეთ. ქვაბში წყალი ჩაასხით და ქურაზე დადგით.
2. ტაფაზე დაჭრილი ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, წვრილად გახეხილი სტაფილო დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. შეწითლებამდე ჩაშუშეთ.
3. წიწიბურა გარეცხეთ და მდუღარე წყალს დაუმატეთ.
4. გათლილი კარტოფილი კუბებად დაჭერით. წიწიბურას ჩაყრის შემდეგ წყლის ადუღებას დაელოდეთ და კარტოფილი დაუმატეთ.
5. წვნიანი სუსტ ცეცხლზე 20-30 წუთით ხარშეთ. კარტოფილის მოხარშვას დაელოდეთ. როცა წიწიბურა და კარტოფილი მოიხარშება, შემწვარი ხახვი და სტაფილო დაუმატეთ. კიდევ რამდენიმე წუთით ხარშეთ და ქურიდან გადმოდგით. ახალი მწვანილი გემოსთვის დაუმატეთ.
მარტივი და მსუბუქი წვნიანი მზადაა. გამომცხვარი ხორცი ან თევზი შეგიძლიათ მიაყოლოთ, თუმცა ამის გარეშეც გემრიელია. წიწიბურას წვნიანი ბავშვობას მახსენებს. სოფელში ბებია ხშირად მიკეთებდა. მთელი დღე თამაშით დაღლილს ბებიის მიერ გაკეთებული წვნიანი მეგემრიელებოდა. ღუმელში გამომცხვარ პურთან ერთად საუკეთესო იყო. დღემდე წვნიანი ტკბილ მოგონებებს აღმიძრავს, სითბოს და სიმყუდროვეს მაგრძნობინებს, უდარდელ ბავშვობაში მაბრუნებს. სასიამოვნო მოგონებები წიწიბურას წვნიანს კარტოფილით ნამდვილ დელიკატესად აქცევს.