Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ იდეალურ ღვეზელს ჩაიზე მისაყოლებლად.
ცომის ინგრედიენტები:
- 80 გრ შაქარი
- 2 კვერცხის გული
- 65 გრ 30%–იანი არაჟანი
- 8 გრ ვანილის შაქარი
- 350 გრ ფქვილი
- 3 გრ გამაფხვიერებელი
- 1/3 ჩ/კ მარილი
- 145 გრ კარაქი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 250 გრ გარგარის ჩირი
- 80 გრ გარგარის ჯემი
- 2 კვერცხის ცილა
- მწიკვი მარილი
- 60 გრ შაქარი
- 100 გრ ნიგოზი
მომზადების წესი:
- შაქარი, კვერცხის გულები, არაჟანი და ვანილის შაქარი აურიეთ. ფქვილი ცალკე თასში გაცერით, გამაფხვიერებელი, მარილი და ცივი კარაქი დაუმატეთ. ნაფშვენის მისაღებად ხელით გასრისეთ.
- კვერცხის გულის მასა მზა ნაფშვენს დაასხით. ცომი სწრაფად მოზილეთ, 3 თანაბარ ნაწილად გაყავით და პარკი დააფარეთ. ცომის ორი ნაწილი მაცივარში შეინახეთ, მესამე ნაწილი საყინულეში 1 საათით შეინახეთ.
- გარგარის ჩირი დააბლენდერეთ, გარგარის ჯემი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიგოზი ცალკე დააბლენდერეთ.
- 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მაცივრიდან ცომის ერთი ნაწილი გამოიღეთ, გააბრტყელეთ და ფორმაში ჩადეთ. პატარა გვერდები გაუკეთეთ. ზემოდან გარგარის შიგთავსი დაუმატეთ.
- შემდეგ ცომის მეორე ნაწილი მაცივრიდან გამოიღეთ და გააბრტყელეთ, გარგარის შიგთავსს ზემოდან დააფინეთ, პატარა გვერდები გაუკეთეთ.
- ახლა ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ. ათქვეფა არ შეწყვიტოთ და ულუფებად შაქარი დაუმატეთ. მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
- კვერცხის ცილას ნიგოზი დაუმატეთ. ნიჩბით ზემოდან ქვემოთ ფრთხილად აურიეთ და ცომის მეორე ნაწილს დაადეთ. ზემოდან გახეხილი მესამე ცომის ნაწილი დაუმატეთ.
- 170 გრადუსზე 50 წუთით აცხვეთ. სურვილისამებრ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
- გემრიელად მიირთვით!