ძალიან გემრიელი კრემიანი ფუნთუშები (პონჩიკები) საკუთარი ხელით. გავიხსნოთ გემო ბავშვობიდან

6244

კრემიანი ფუნთუშები – ყველასათვის საყვარელი არომატული დესერტი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ჩვენს ბავშვობაში სარგებლობდა. “პონჩიკები” – ამ სახელწოდებით მოვიხსენიებდით კრემით გაჯერებულ და ზეთში მობრაწულ ძალიან გემრიელ ფუნთუშებს. მართალია, ეს ფუნთუშები საკმაოდ კალორიულია, თუმცა ისინი იმდენად გემრიელი გამოდის, უარის თქმა და მათი მირთმევისგან თავის შეკავება საკმაოდ რთულია.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი კრემიანი ფუნთუშები საკუთარი ხელით. უბრალოდ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და პირობას გაძლევთ, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ. სტატიის ბოლოში თქვენ იხილავთ ვიდეოსაც, რომელშიც დეტალურად არის ნაჩვენები უგემრიელესი კრემიანი ფუნთუშების მომზადების პროცესი.

ყველაზე გემრიელი კრემიანი ფუნთუშები ჩვენი ბავშვობიდან

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 650 გრამი ფქვილი
  • 400 მლ თბილი წყალი
  • 30 გრამი კარგად დარბილებული კარაქი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 შეკვრა საფუარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 60 გრამი შაქარი
  • ზეთი შესაწვავად

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 30 გრამი სიმინდის სახამებელი
  • 2 კვერცხის გული
  • 60 გრამი შაქარი
  • ვანილის ექსტრაქტი
  • 30 გრამი კარაქი
  • 60 მლ ცივი რძე

მომზადება: 

  1. პირველ რიგში, უნდა გავააქტიუროთ საფუარი. მოათავსეთ საფუარი ჭიქაში და დაასხით მას წყლის ნახევარი, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და რამოდენიმე სუფრის კოვზი ფქვილი. გათქვიფეთ ძალიან კარგად, რათა ფქვილი ბოლომდე გაიხსნას და დააყოვნეთ დაახლოებით 10 წუთით, რათა საფუარი გააქტიურდეს.
  2. სანამ საფუვრიანი მასა ყოვნდება, ჩაასხით თასში თბილი წყლის მეორე ნახევარი და ჩაყარეთ მორჩენილი შაქარი, გახსენით კარგად. როდესაც შაქარი წყალში ბოლომდე გაიხსნება, დაამატეთ მასში დაყოვნებული საფუვრიანი მასა. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
  3. მიღებულ მასაში ჩაამატეთ 1 მთლიანი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
  4. ახლა დროა, ნარევში ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 შეფუთვა ვანილი დავამატოთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც კარგად უნდა გადავურიოთ.
  5. როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება, უნდა შევუდგეთ ფქვილის ნელ-ნელა ჩამატებას (აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში) და ცომის ამოყვანას.
  6. როდესაც ფქვილის ბოლო ულუფას გამოვიყენებთ, მიღებულ ცომში უნდა ჩავამატოთ აუცილებლად კარგად დამდნარი და დარბილებული კარაქი. მზა ცომი იქნება ძალიან ფაფუკი და წებოვანი.
  7. ცომი გადმოიტანეთ თქვენს სამუშაო დაფაზე, რომელსაც ზეთი უნდა წაუსვათ ზემოდან. კარგად დაამუშავეთ ხელებით ჩვენი ცომი კიდევ ერთხელ და დამუშავების პროცესში აუცილებლად ჩაამატეთ მასში მცირეოდენი ზეთი. რაც უფრო დიდხანს დაამუშავებთ ცომს, მით უფრო ნაკლებად წებოვანი გახდება ის.
  8. ჭურჭელს მოასხით მცირეოდენი ზეთი, მოათავსეთ მასში ცომი და გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა). დააყოვნეთ ის თბილ ადგილას დაახლოებით 1 საათით.
  9. სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადოთ კრემი. კრემისთვის მოცემული ყველა ინგრედიენტი, გარდა კარაქისა, ნელ-ნელა ჩაამატეთ ცივ რძეში და დადგით მასა ნელ ცეცხლზე, ურიეთ აუცილებლად გამუდმებით. დროთა განმავლობაში სიმინდის სახამებელი დაიწყებს შესქელებას. სანამ მასა დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან.
  10. ოდნავ შეგრილებულ პუდინგს დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ კარგად, რათა ის ბოლომდე გაიხსნას. გადააფარეთ კრემს სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  11. 1 საათის გასვლის შემდეგ, როდესაც ცომი ამოვა, დაამუშავეთ ის კიდევ ერთხელ კარგად ხელებით და კვლავ დააყოვნეთ (კიდევ დაახლოებით 1 საათით).
  12. სამუშაო დაფას წაუსვით მცირეოდენი ზეთი, წაისვით ის ხელებზეც და შეუდექით ცომისგან პატარა გუნდების ფორმირებას. რა ზომის იქნება ფუნთუშა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. პირადად მე ერთი ფუნთუშისთვის პატარა მანდარინის ზომის ცომის გუნდას ვიყენებ.
  13. თითების მოძრაობით გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ მასზე დაახ. ნახევარი სუფრის კოვზი კრემი. ცომს მოუკარით თავი აუცილებლად ძალიან კარგად, რათა ღია ადგილები არ დარჩეს. ხელით დაახვიეთ ბურთულა და შემდეგ თითებით ოდნავ გააბრტყელეთ ის.
  14. საცხობ ფორმას წაუსვით მცირეოდენი ზეთი და მოათავსეთ მასზე შესაწვავად გამზადებული ფუნთუშები. უნდა იმოქმედოთ მაქსიმალურად სწრაფად, სანამ ცომი ფოდნოსს მიეწეპება.
  15. ქვაბში ჩაასხით დაახლოებით ლიტრანახევარი ზეთი და კარგად გააცხელეთ. ცხელ ზეთში მოათავსეთ ჩვენი ფუნთუშები და დატოვეთ ქერქის ყავისფრად შეფერვამდე.
  16. კარგად მობრაწული ფუნთუშები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცებზე.
  17. გემრიელად მიირთვით!